ზაზა ხუციშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებულ მოსწავლეებს შეხვდნენ
ამობეჭდვა · 10 / 05 / 2018 18:55
ზაზა ხუციშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებულ მოსწავლეებს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი და ამავე კომიტეტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე დღეს, პარლამენტში, თბილისის 144-ე საჯარო სკოლაში არსებული ეკოკლუბის წევრებს შეხვდნენ.

ეკოკლუბში გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არიან გაწევრიანებული და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ ქვეყანაში გარემოს დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებსა თუ საკანონმდებლო საქმიანობაზე.

ზაზა ხუციშვილი მოსწავლეებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ ესაუბრა და კომიტეტის ძირითადი მიზნები და ამოცანები გააცნო, რომელიც, ბუნებრივია, უპირველესად ქვეყანაში სრულყოფილი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შემუშავებას ითვალისწინებს.

გარემოს დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა მოსწავლეების ყურადღება გიორგი გაჩეჩილაძემ და ეკონომიკის გავითარებისა და ეკოლოგიური პრობლემების ჰარმონიზაციის აუცილებლობაზე ესაუბრა.

კანონმდებლების განცხადებით, გარემოს დაცვის კუთხით, ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებს მაქსიმუმს, რათა მომავალ თაობას შედარებით ჯანსაღ გარემოში ცხოვრების პირობები შეუქმნას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დეპუტატებმა მოსწავლეთა კითხვებს უპასუხეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებთან მსგავსი შეხვედრები, რომელიც სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად, მომავალშიც გაიმართება.

 

ტეგები