საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება
ამობეჭდვა · 10 / 05 / 2018 20:03
საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება

საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს დღეს საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების საერთო მაჩვენებლებზე ისაუბრა და კანონმდებლებს აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდის, ფასების ცვლილების, მონეტარული მაჩვენებლების, საგარეო ვაჭრობის, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების და საგადასახადო შემოსავლების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მომხსენებელმა მხარჯავი ორგანიზაციების მაჩვენებლებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების თაობაზე. კერძოდ, საგარეო პოლიტიკის განხორციელების, საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფის, მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების, დიასპორული პოლიტიკის განხორციელების და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირების პროგრამების შესახებ.

ანგარიშის დასრულების შემდეგ მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე დაინტერესდა რატომ არის ასეთი დაბალი მაჩვენებელი დიასპორული პოლიტიკის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხის ათვისების კუთხით. დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ რა მიზეზით მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროში შრომის ანაზღაურებისთვის დაგეგმილი თანხის დაბალი პროცენტით შესრულება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა დაინტერესდა, რა პროგრამები აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის და როგორ ხარჯავს თანხებს ამ მიმართულებით.

სოფიო ქაცარავამ ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, თანხები გადანაწილდეს ისე, რომ მისი ათვისება უფრო ეფექტური იყოს.

ორივე კომიტეტმა ცნობად მიიღო მოსმენილი ანგარიში.

დიასპორისა და აკავკასიის საკითხთა კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განაგრძო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს განსახილველად წრმოუდგინა „2011 წლის 10 მაისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)“ N5 ცვლილება“.

დოკუმენტის მიხედვით აზიის განვითარების ბანკის მიერ ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად გამოიყოფა თანხა (80 მლნ აშშ დოლარი), რომელიც მოხმარდება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებაში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი, ფოთი, ურეკი, ზუგდიდი, მარნეული).

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება გააცნო კომიტეტს, რომლის მიზანია ორ მთავრობას შორის განხილული და შეთანხმებული ეკონომიკურ-ტექნიკური პროექტების განხორციელებისათვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 30 ჩინური იუიანის (დაახლოებით 4.8 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარების გამოყოფა.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა კანონპროექტი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ წარმოადგინა განსახილველად.

კანონპროექტი იძლევა შესაძლებლობას, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე მოპოვებულ და გამოყენებულ იქნეს ღია წყაროებში არსებული ინფორმაცია. ამ ცვლილებით შესაძლებელი იქნება, ერთი მხრივ, მაგალითად, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ საექსპერტო დაწესებულებებთან თუ მათ ტერიტორიაზე მყოფ პირებთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება და მათი ჩართულობით შესაბამისი საპროცესო მოქმედებების გატარება, ხოლო, მეორე მხრივ, - ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის სისხლის სამართლის საქმის მიზნებისათვის გამოყენება.

ამ ცვლილებით მოხდება 2010 წლის 10 ნოემბრის „ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის“ და 2005 წლის 16 მაისის „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროსაბჭოს კონვენციის პრინციპებისა და დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის დახვეწა.

კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი წარმოდგენილ დოკუმენტებს.



 

ტეგები