"ნარკო ტრაფიკი მსოფლიოს ისეთივე შავი ჭირია, როგორც ტერორიზმი" - პაატა ქურდაძე
ამობეჭდვა · 13 / 05 / 2018 18:33
"ნარკო ტრაფიკი მსოფლიოს ისეთივე შავი ჭირია, როგორც ტერორიზმი" - პაატა ქურდაძე

მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"თუ კი სერიოზულად ვირწმუნებთ ზოგიერთი ჭკუისკოლოფის ხმამაღალ განცხადებებს იმის შესახებ, რომ შეუზლებელია ქვეყანაში შემოდიოდეს ნარკოტკები, თუ კი ნარკობიზნესში ჩართულები არ არიან ქვეყნის უმაღლესი მართველი ეშელონის პირველი პირები, გამოვა, რომ მსოფლიოს მთავარი დილერები ყოფილან ანჰელა მერკელი, ემანუელ მაკრონი, ტერესა მეი და რა თქმა უნდა მარად აღგზნებული დონალდ ტრამპი.. ალბათ არავინ შემეკამათება, რომ გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ამერიკის კოლოსალურ ნარკოტრაფიკთან შედარებით საქართველო პატარა საცოდავი კონტრაბანდისტების ერთი ციცქნა პროვინციაა.

ასეთი განცხადებები ჩემი აზრით პირიქით ვნებს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესს და მოთხოვნებს გროტესკულად წარმოაჩენს.

ნარკო ტრაფიკი მსოფლიოს ისეთივე შავი ჭირია, როგორც ტერორიზმი და მის ას პროცენტიან კონტროლს, ჯერ ჯერობით ვერავინ ახერხებს, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებაში - დემოკრატი, ლიბერალი თუ ტირანი. რა თქმა უნდა სანამ ადამიანი არსებობს, იარსებებს შავი ეკონომიკა და კორუფცია, მაგრამ ამ გულუბრყვილობის ასე მტკიცებულებების გარეშე, ემოციურ მოსაზრებების დონეზე განზოგადება და სტერეოტიპიზაცია ჩემთვის პირადად ძალიან არასერიოზულია, ისევე, როგორც კლუბების დემონიზაცია, იქ მოსიარულე ახალგაზრდების ტოქსიკომანებად გამოცხადება, საბჭოთა თაობის ტოტალურად სტალინისტებად შერაცხვა, ან თუ გნებავთ სანდრა რულოვსის მიერ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა.

არასერიოზულობასაც თავისი ლიმიტი აქვს, რომლის იქით ნებისმიერი გონივრული პროტესტი დეკომპოზიციას იწყებს, იხრწნება და საბოლოოდ ქრება, როგორც ყველაფერი ორგანული, რაც ცუდად არის შენახული. რის შედეგადაც საბოლოოდ ის გამოსაყენებლად უვარგისი ხდება", - წერს ქურდაძე.

ტეგები