იქ ჩემი შვილიც დგას, ეკლესიისგან გაბრაზებული და გულნატკენი - პეტრე კოლხი საპატრიარქოს მიმართავს
ამობეჭდვა · 13 / 05 / 2018 23:55
იქ ჩემი შვილიც დგას, ეკლესიისგან გაბრაზებული და გულნატკენი - პეტრე კოლხი საპატრიარქოს მიმართავს

პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) საქართველოს საპატრიარქოს ღია წერილით მიმართავს. ამის შსახებ ის სოციალურ ქსელში წერს.


“ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის, სიყვარულის, კრძალვის და ერთგულების მიუხედავად, გული გამისკდება არ დავწერო ის, რასაც ვფიქრობ…
ხალხს ჰგონია, ვერ ხედავთ მოვლენების განვითარებას… სინამდვილეში თქვენი დუმილი ყველა მჭერმეტყველებაზე მეტია…
იცით, რუსთაველზე ის თაობა დგას, რომელიც ტაძრის კარებთან წითელი, ალისფერი, ყვითელი თმებით მოგვადგა და ჩვენ მოსვლის სურვილი საბოლოოდ დავუკარგეთ… კიდევ იცით რომელი?! აი, ის, ვისაც უამრავი კითხვა ჰქონდა, ჩვენ კი შეკითხვების დასმა ავუკრძალეთ და მორჩილება მოვსთხოვეთ…
იქ ჩემი შვილიც დგას, ეკლესიისგან გაბრაზებული და გულნატკენი, 13 წლის ასაკში მდინარეში მოკლე ტუნიკით რომ იდგა, ამის გამო მღვდლებმა ამბიონიდან ეშმაკის მოციქული, უზნეო და ამორალი რომ უწოდეს, მამამისი კი ლამის ჯოჯოხეთში გაისტუმრეს… ვის მოეკითხა მაშინ?! არავის… ვინ იყო დამნაშავე?! ,,არავინ”… სინამდვილეში ყველა ერთად…
სიტუაცია დაძაბულობის პიკს აღწევს… იქ მისულთა შორის არიან საზოგადოების თითქმის ყველა ფენა… მათგან ყველა თვლის, რომ ჭეშმარიტება მათ მხარეს არის… ნებისმიერი საკუთარ უფლებას იცავს… ,,მარშისტებიც”, ,,მმკ-ც”, წამალდამოკიდებულებიც, ,,თეთრი ხმაურის” წარმომადგენლებიც და ისინიც, ყველაზე მეტად ისინი, ვისაც სჯერა, რომ ძალადობის მსხვერპლია…
უწმიდესო, თქვენ იცით, საკუთარ თავზე, ბევრზე მეტად მიყვარხართ, მაგრამ მიყვარს ჩემი შვილიც, რომელიც იქ დგას და არ მაქვს უფლება მივიდე და დაპირისპირებული მხარეებისგან დავიცვა…
უწმინდესო, ჩემი ნება რომ იყოს, თქვენთვის სიცოცხლესაც დავთმობდი, მაგრამ ყველაფერს დავთმობ ჩემი პირველი შვილისთვისაც, რომელსაც ჰგონია, რომ თანატოლების გვერდით უნდა იდგეს…
თქვენ 9 აპრილის ღამესაც მამობრივი მზრუნველობით მოუწოდეთ მომიტინგეებს, მაგრამ თქვენი მხურვალე სიყვარულით ნათქვამი სიტყვები დარჩა ,,ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”… მაშინ სისხლი დაიღვარა… ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო… ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით და იმიტომ… ახლა ვერც ხვდებიან ახალგაზრდები რისთვის იბრძვიან, მთავარია ყველაფერს აპროტესტებენ… ჩემზე უკეთ იცით, ბავშვობაში გადატანილი სტრესი სამუდამოა… ჩემი შვილი ძალადობის მახვერპლი გახდა…
ახლა კი მართლა არ ვიცი, შინ დარჩენით უფრო დავაშავებ თუ იქ მისვლით…
ყველა შემთხვევიდან გამომდინარე, დაპირისპირების შემთხვევაში ვერ გადავრჩები…
მაპატიეთ…
დეკანოზი პეტრე, მაგრამ პირველ რიგში ექვსი შვილის მამა”, – წერს მამა პეტრე კოლხი  საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ტეგები