საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს - დიმიტრი ქუმსიშვილი
ამობეჭდვა · 14 / 05 / 2018 13:54
საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს - დიმიტრი ქუმსიშვილი

„ჩვენთვის ძალიან საინტერესოა უზბეკეთში როგორც ექსპორტი, აგრეთვე ის ტრანზიტული შესაძლებლობები, რომელიც შეგვიძლია უზბეკურ მხარეს შევთავაზოთ საკუთარი პროდუქციის მესამე ქვეყნებში გადასატანად. უზბეკეთთან ჩვენ გვაქვს პოზიტიური სავაჭრო ბალანსი შარშანდელი წლის მდგომარეობით და ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. თუმცა მოცულობები, რომელიც უზბეკეთთან გვაქვს, არ შეესაბამება იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია. ამდენად,  ჩვენი ამოცანაა, ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და დამატებითი დოვლათი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დღის წესრიგითაც გათვალისწინებულია მონაწილეობის მიღება საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაში. დელეგაციას უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი ხელმძღვანელობს.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ როგორც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის განვითარების, ასევე იმ ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებით, რომელიც გვაქვს. ასევე ვისაუბრეთ პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ თბილისსა და ტაშკენტს შორის, რომელიც შესაძლოა, დაიწყოს. ვფიქრობთ, რომ აქ პოტენციალი საკმაოდ მაღალია და ის ტურიზმის განვითარებას დაეხმარება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის მიმართულებები ტრანსპორტის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა პრიორიტეტულად განიხილავს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებასა და რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის ფორმირებას, რაც  აღნიშნულ დერეფანში საერთაშორისო ტვირთ და მგზავრთ ნაკადების ზრდაში უნდა აისახოს. 

შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

დღესვე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი ერთობლივად წარუძღვებიან მთავრობაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომას.    

ტეგები