ერგნეთში დღეს არჩილ ტატუნაშვილის საქმეს განიხილავენ
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2018 14:20
ერგნეთში დღეს არჩილ ტატუნაშვილის საქმეს განიხილავენ

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღევანდელ შეხვედრაზე, არჩილ ტატუნაშვილის საქმესაც განიხილავენ, თუმცა, მისი საქმე არა მხოლოდ ამ, არამედ ყველა საჭირო ფორმატშიც განიხილება:

​„ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება არჩილ ტატუნაშვილის საქმეს, იქნება არა მხოლოდ დღევანდელ შეხვედრაზე, არამედ ყველა და ნებისმიერ სხვა ფორმატში დაყენებული.

იმ დღეებიდან, როდესაც ცხედრის გადმოცემაზე მუშაობა გვიწევდა, ჩვენს სამინისტროში შემუშავდა სტრასბურგში გასაგზავნი პირველადი საჩივრის ტექსტი, შემდეგ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ცხედრის გადმოცემის პროცესისთვის ხელი არ შეგვეშალა და ოჯახს და საქართველოს მისცემოდა გლოვის უფლება. ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არა მხოლოდ ორგანოების გადმოცემის მოთხოვნის ჭრილში, არამედ, სხვა არაერთ ჭრილში, მათ შორის, სამართლებრივში, რათა, როდესაც იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სახელმწიფოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანს საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში, იქ ყველა პროცედურული წესი იყოს მაქსიმალურად დაცული. მოწინააღმდეგე მხარეს არ უნდა მივცეთ სამართლებრივად რაიმე კომპონენტის ეჭვქვეშ დაყენების საშუალება“ – განაცხადა წულუკიანმა.
 

ტეგები