დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციას მასპინძლობს
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2018 14:36
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციას  მასპინძლობს

დღეს საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისადმი მიძღვნილი კონფერენციის - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100“ საზეიმო გახსნა გაიმართა.

ღონისძიების ინიციატორია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად განახლდა პირველი რესპუბლიკის დარბაზის წინა კედელის ექსპოზიცია, რომელსაც ფონად ახლავს დამფუძნებელი კრების ამსახველი ფოტო.

კონფერენცია გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

„ქართველი ერი არასოდეს შეგუებია რუსეთის იმპერიის მიერ სამშობლოს დაპყრობას, მთელი XIX საუკუნის განმავლობაში და XX გარიჟრაჟზე, კალმით თუ მახვილით მიმდინარეობდა თავგანწირული ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის აღსადგენად, რომელიც 1918 წლის 26 მაისს გამარჯვებით დაგვირგვინდა“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მისვე თქმით, დამოუკიდებლობის ხანმოკლე, სამწლიანი პერიოდის მიუხედავად, მოხერხდა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა, სადაც: დაცული იყო ადამიანის უფლებები - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება; მოესწრო საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება; გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები განათლების, სამხედრო, აგრარულ, ვაჭრობა-მრეწველობის, ფულად-საკრედიტო, თვითმმართველობის სფეროში; აღმავლობას განიცდიდა ქართული კულტურა.

ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ხელი არ მოაწერა კაპიტულაციის აქტს, რითიც მომავალ თაობებს შეუნარჩუნა სრული მორალური და სამართლებრივი უფლება ბრძოლა გაეგრძელებინათ თავისუფლებისათვის. სწორედ 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე, სამოცდაათი წლის შემდეგ, 1991 წელს, მოხდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

„ამრიგად, ჩვენ ვართ პირდაპირი მემკვიდრეები ჩვენი წინაპრების მიერ დაფუძნებული პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და ვალდებულნი ვართ ღირსეულად ვემსახუროთ დემოკრატიულ და სახელმწიფოებრივ იდეალებს“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ნამდვილად სიმბოლურია, რომ პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციის საზეიმოდ გახსნა, სწორედ პირველი რესპუბლიკის დარბაზში ტარდება.

გიორგი შარვაშიძის შეფასებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის სამი წელი მართლაც გამორჩეული იყო ბოლო წლების საქართველოს ისტორიაში - ამ პერიოდში მოხერხდა ის, რაც ბევრ ქვეყანას დღემდე არ შეუძლია და ვერ შეძლო: ჩამოყალიბდა სრულიად ახლებური განათლების სისტემა, რამდენიმე მიმართულებით შედგა გამრღვევი რეფორმები, აგრარული რეფორმა თითით საჩვენებელი იყო იმ დროინდელი ევროპისთვის, ჩამოყალიბდა პარლამენტი, სადაც წარმოდგენილი იყვნენ როგორც ქალები, ასევე ეროვნული უმცირესობები, პირველი ნაბიჯები გადაიდგა მეცნიერების ჩამოყალიბებისკენ და ა.შ.

„ეს არის ძალიან კარგი განაცხადი იმისა, რომ ჩვენ არ ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან ჩვენს ისტორიას, ჩვენს ისტორიას აქვს მძლავრი ფესვები, რომელსაც გაფრთხილება უნდა“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს მიმართა თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგა ზედანიამ, რომლის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თანდათან აცნობიერებენ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცის სწავლა და გაგება შეგვიძლია იმ სამწლიანი ისტორიიდან, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში გვხვდა წილად, რაც ჩვენმა წინაპრებმა მოიპოვეს ბრძოლით.

როგორც გიგა ზედანიამ აღნიშნა, იმ წლებში „საქართველო ბევრად უფრო დემოკრატიული ქვეყანა იყო, ვიდრე დღევანდელი დასავლური დემოკრატიები არიან“, მნიშვნელოვანია, რომ მაშინ მიღებული იყო დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც დაფუძნებული იყო ადამიანის უფლებებზე, ძალაუფლების დაყოფაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და დღესაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია იმისგან, რაც ჩვენ მოვახერხეთ ასი წლის წინ.

შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართეს კონფერენციის თანაორგანიზატორებმა: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. მათი განცხადებით, ამ კონფერენციის გამართვა სამი უნივერსიტეტის ერთობლივი იდეა იყო და მან კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს ქართულ საზოგადოებას, თუ რას ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ვინაიდან დღესაც არიან ძალები რომელთათვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ჩვენ უნდა საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას შევახსენოთ და პატივი უნდა მივაგოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. სხვა ალტერნატივა საქართველოს არა აქვს, თუ არა დამოუკიდებლობა და გზა თავისუფლებისაკენ“, - განაცხადა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.

პროფესორ გიორგი სოსიაშვილის შეფასებით, 1918 წლის 26 მაისი არ იყო სპონტანური დღე - „ეს იყო ჩვენი ისტორიული გზის კანონზომიერი დაგვირგვინება და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ სულ სამი წელი იარსება, ეს გზა მაინც გრძელდებოდა ადამიანების მეხსიერებაში, გონებაში და დღევანდელი დღე სწორედ ამის დამადასტურებელია“.

„კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ მიზნად მიმაჩნია, რომ ქართულმა საზოგადოებამ, სამეცნიერო წრეებმა, სტუდენტებმა, პოლიტიკურმა ელიტამ გაიაზროს არა მხოლოდ ცნება 26 მაისის და, ზოგადად, სამშობლოს ცნება, არამედ გავიაზროთ, რას ნიშნავს რეალურად დამოუკიდებლობა, რას ნიშნავს და როგორ შევქმნათ თანამედროვე ტიპის სახელმწიფო, რისთვისაც საქართველოს აქვს ყველა რესურსი -გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, ინტელექტუალური“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

მეცნიერებისა და პოლიტიკის ურთიერთობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭოს წევრმა ტარიელ ფუტკარაძემ და განაცხადა, რომ ამ ტიპის თანამშრომლობა წაადგება როგორც ორივე მხარეს, ასევე ახალგაზრდობის აღზრდას.

დასასრულ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის სახელით წარმატებული მუშაობა უსურვა. მისივე განცხადებით, საქართველოს ისტორიის ამ საეტაპო მნიშვნელობის მოვლენის აღსანიშნავად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია არაერთი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციები, ისტორიული ფოტო-გამოფენები. საიუბილეო ღონისძიებებში ჩართულია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორა, მათი მონაწილეობით ასევე იგეგმება სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია სამდღიანია. დღესვე, კონფერენცია მუშაობას გააგრძელებს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში, 16 და 17 მაისს კი, შესაბამისად, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციაზე დაგეგმილია მოხსენებები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს; აფხაზეთის საკითხი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და „ბათუმის ოლქის“ ავტონომიის საკითხი (ტერმინოლოგიური ასპექტი); საქართველო და ევროპა 1918-1021 წლებში: ურთიერთობათა ძირითადი ტენდენციები; ივანე ჯავახიშვილი და ქართველი ემიგრაცია; საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესი (1017-1921); სამოქალაქო საზოგადოების განვითარება 1918-1921 წლების საქართველოში და სხვა.

ტეგები