თამარ ჩუგოშვილმა პირველი ეროვნული კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2018 17:06
თამარ ჩუგოშვილმა პირველი ეროვნული კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა

საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლება იწყებს ერთობლივ საქმიანობას ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში 2016 წელს შესული შესწორებების განსახორციელებლად.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

„დღევანდელი კონფერენცია ემსახურება ქალების თემასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვისთვის და მოგვარებისთვის ეფექტური მექანიზმების შექმნას.

ვინაიდან კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს აქვთ ვალდებულება შექმნან გარკვეული ერთეულები როგორც საკრებულოში, ასევე გამგებლების, მერიების ოფისებში, რომლებიც ქალთა საკითხებზე იმუშავებენ და ვინაიდან ჩვენც, საქართველოს პარლამენტშიც გვაქვს ასეთივე ერთეული საბჭოს სახით, ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, გაგაცნოთ ჩვენი საქმიანობა და მეორე მხრივ, გვქონდეს ერთმანეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, უფრო ხშირი კომუნიკაცია და შესაბამისად, ერთად უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: თბილისის მერმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტმა კახა კალაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფიო ჯაფარიძემ.

გამომსვლელებს შორის ასევე იყვნენ, ასევე: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში ტუია ალთანგერელი.

მისასალმებელი გამოსვლების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი კონფერენციის მონაწილეებს ესაუბრა საქართველოს პარლამენტის როლზე სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის შემუშავებასა და მთავარი მიმართულებების განსაზღვრის პროცესში და გააცნო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობა და როლი.

„მიუხედავად იმისა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო არ არის კომიტეტი, ანუ არ არის აღჭურვილი ყველა იმ უფლებით, რა უფლებაც აქვს საპარლამენტო კომიტეტს, ჩვენი მუშაობა საკმაოდ ეფექტურია იმიტომ, რომ ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, ამ ფორმატში ვმუშაობთ ქალთა თემებზე და ვცდილობთ ჩვენი პოლიტიკური განსხვავებები გვერდზე გადავდოთ და ორიენტირებული ვიყოთ იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის ნახევრის ცხოვრება იყოს უფრო მეტად დაცული სხვადასხვა კუთხით“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, საბჭოს საქმიანობის მთავარი ამოცანებია: კანონმდებლობის შემუშავება, კერძოდ კანონმდებლობის დახვეწა გენდერული კუთხით; გარკვეული მონიტორინგის გაწევა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და ასევე, ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში მეტი ინფორმაციის გავრცელება ქალთა პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის მნიშვნელობის შესახებ.

„რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მონიტორინგს, მინდა გამოვყო ჩვენი მოსმენები, რომელიც ემსახურებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან ანგარიშების მოსმენას ქალთა მკვლელობების თემაზე“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა გაწერილია სამოქმედო გეგმაში. მისივე თქმით, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტები:


· გენდერული თანასწორობის ახალი სახელწიფო კონცეფციის დამტკიცება;

· გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის გადახედვა;

· კანონმდებლობის გენდერული გავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაცია;

· მშობლის დეკრეტული შვებულების მოდელის შემუშავება/ ანაზღაურების სხვაობის გამოთვლის მეთოდოლოგიის დანერგვა და სხვა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შარშან პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა და 20-ზე მეტ კანონში შესაბამისი ცვლილებები შევიდა, მაინც საჭიროა გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემებთან დაკავშირებით.

თამარ ჩუგოშვილმა, ასევე ისაუბრა 2017 წელს განხორციელებულ ინიციატივებზე, კერძოდ: სამაგიდე კვლევაზე - „გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები“, გენდერული გავლენის შეფასებაზე (GIA), სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის შედეგებზე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და კომუნიკაციის სტრატეგიაზე.


კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაციები შემდეგ საკითხებზე: ეროვნულ დონეზე არსებული ვალდებულებები, ეროვნული მექანიზმები და გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა; მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნის საკანონმდებლო საფუძვლები და უფლება-მოვალეობები; მერიებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირების უფლება-მოვალეობები; ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე გენდერული საკითხების საკოორდინაციო მექანიზმები და საერთაშორისო გამოცდილება და სხვა.

ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევებს.

კონფერენციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, ყველა თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მერები, ადგილობრივი საკრებულოების თავმჯდომარეები, გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოების თავმჯდომარეები და გენდერული თანასწორობის საკითხებში ადგილობრივი საკონტაქტო პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

 

ტეგები