ეკა ბესელია: „ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში ჩვენ რამდენიმე პრინციპულ და კონცეპტუალურ საკითხს ვეხებით“
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2018 18:33
ეკა ბესელია: „ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში ჩვენ რამდენიმე პრინციპულ და კონცეპტუალურ საკითხს ვეხებით“

აქართველოს უზენაეს სასამართლოში ნარკოპოლიტიკის თემაზე, სახელწოდებით „ნარკოტიკების შესახებ კანონმდებლობა სამართლებრივ გზაჯვარედინზე-ნარკოტიკული საშუალებების კონტროლის სისტემის ლიბერალიზაცია“ კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ და ფრაიბურგის მაქს-პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, ჰანს-იორგ ალბრეხტიმ მიმართეს.

კონფერენციის გახსნით ნაწილში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მოხსენებით წარსდგა, რომელმაც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ახალი რეფორმის მნიშვნელობასა და მისი მიღების აქტუალურობაზე ისაუბრა.

„ეს არის ის თემა, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე. ნარკოპოლიტიკის ახალ რეფორმაზე, რომელიც ინიცირებულია უკვე პარლამენტში, პარლამენტი მთავრობასთან ერთად რამდენიმე თვეა უკვე მუშაობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ყურადღებით ისმენს ყველა მოსაზრებას, არგუმენტს, ანალიზს და ვემზადებით ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად, რომელიც ახალ მიდგომებს მოიაზრებს, ამას ჭირდება ძალიან კარგად გააზრებული, შედეგების წინასწარ გაზომვის გადაწყვეტილება.

რეფორმის პროცესში ჩვენ რამდენიმე პრინციპულ და კონცეპტუალურ საკითხს ვეხებით. საკითხი ისმევა არის ეს სისხლის სამართლის პოლიტიკის სფეროში განსახილველი თემა თუ ეს არის ჯანდაცვის სფეროს პრობლემა, თუ ორივე ერთად?“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკითხის აქტუალურობის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარემ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ნარკოპოლიტიკის ახალ რეფორმას უკავშირდება.

„ერთ-ერთი პრობლემა, რაც კანონმდებლების წინაშე დგას, არის სასჯელის პროპორციულობის საკითხი. ამ თემაზე საკონსტიტუციო სასამართლომ მოგვცა უკვე თავისი მითითებები და მიმართულება, რომლებიც შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებით უნდა აისახოს. შემდეგი არის ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობების განსაზღვრის საკითხი, რაც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რადგან ოდენობები დღეს ქმნის კვალიფიკაციის შემადგენელს და შემდგომ ეს უკავშირდება სანქციებს. ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენს ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა. ეს ნიშნავს სერვისებზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის შექმნას, რასაც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის მობილიზება სჭირდება“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კონფერენციაზე კომიტეტის თავმჯდომარემ იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომლებზეც ამ ეტაპისთვის, შეთანხმება მიღწეული ჯერ კიდევ არ არის და კონსულტაციების პროცესი გრძელდება. ერთ-ერთ ასეთ საკითხად, ეკა ბესელიამ ყველა ტიპის ნარკოტიკის მომხმარებლის სრული დეკრიმინალიზაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ მიდგომაზე პარლამენტსა და მთავრობის შიგნით განსხვავებული პოზიციები ფიქსირდება.

„ნარკოპოლიტიკის რეფორმა, როგორც პოლიტიკური ასევე სამართლებრივი შინაარსით, ერთ-ერთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას წარმოადგენს და პირადად მე ძალიან ფრთხილად ვუყურებ ამ საკითხს, რათა რაიმე შეცდომა არ იქნეს დაშვებული, რომელიც შემდეგ შედეგებზე აისახება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კონფერენციაზე მოხსენებით ნარკოპოლიტიკის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე წარსდგა. „რეფორმის ჩვენი მთელი იდეა ნარკოპოლიტიკის გაადამიანურება და გაჰუმანურება გახლავთ. სამართლებრივი ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი მაინც რეფორმის ძირითადი არსის თანმდევია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა კრიმინალური სფეროდან, ეტაპობრივად სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში გადმოვიტანოთ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ტეგები