მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 17:46
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტისა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი მოხარულია, რომ ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა ხდება უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებად საქართველოში.

"მინდა გამოვეხმაურო, გუშინდელ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან.

მოხარული ვარ, მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომ ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა ხდება უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებად ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი უკვე დიდი ხანია ამ მიზნით მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ექსპერტთან და ადგილობრივ სპეციალისტთან ერთად. ჩვენ უკვე მივიღეთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო სტრატეგია და დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოში სპორტის და ახალგაზრდული საქმეთა პოლიტიკის ეროვნული სტრატეგიების შესაქმნელად.

მე, როგორც ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ, რომ განვითარებული მასობრივი სპორტი არის ამ ორივე დარგის ქვაკუთხედი, რომლის სისტემაში მოქცევა ქვეყანას მოუტანს ძალიან ბევრ სიკეთეს, როგორც პირდაპირ სპორტული მიღწევების მხრივ, ისე სხვა მიმართულებებითაც, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, კრიმინოგენული სიტუაცია, სპორტული ტურიზმი, ეკონომიკა და განსაკუთრებით ქვეყნის უსაფრთხოება.

ღრმად მწამს, რომ ჩვენი ამ გადაწყვეტილებით მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც ჯერ კიდევ კომიტეტის სამუშაო პროცესში გამოიკვეთა და რაც გულისხმობს სპორტში ჩართული ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობის მინიმუმ ორჯერ გაზრდას. ჩვენი გუნდის ერთერთი ამოცანაა, მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნას თანამედროვედ აღჭურვილი სპორტული კომპლექსები, რომლებიც ფინანსურად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და რომელთა მართვის სტრატეგია იქნება მაქსიმალურად ეფექტიანი. ასევე უმნიშვნელოვანესია, სასკოლო სპორტის რეფორმირება. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ სპეციალური პროგრამები სკოლებში მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის მიმართულებით.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების, მთავრობის შესაბამისი უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობების და რაც მთავარია, საზოგადოების ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ ძალიან დიდ წინსვლას ამ მიმართულებებით, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის შემდგომ განვითარებაში", - ნათქვამია ყაველაშვლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტეგები