ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს, ხელი შეეწყოს ლგბტ+ ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2018 18:56
ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს, ხელი შეეწყოს ლგბტ+ ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, ხელი შეუწყოს ლგბტ+ ადამიანების და მათი მხარდამჭერების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას, რათა შესაძლებელი იყოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნა.

"17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს უკავშირდება. საქართველოში ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები მჭიდრო კავშირშია ლგბტ+ ადამიანების მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის მაჩვენებელთან. სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თანასწორობის უფლების რეალიზაციის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს სწორედ ლგბტ+ ადამიანები წარმოადგენენ. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და წინასწარგანწყობები ყოველდღიური რისკის ქვეშ აყენებენ მათ მიერ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების გამოყენებას, როგორიცაა განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სხვადასხვა სფეროში მომსახურების მიღებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება. გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ის ძირითადი ღირებულებებია, რაზეც დაფუძნებულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია ძალადობისაგან დაცლილი, თანასწორუფლებიანი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ლგბტ+ ადამიანების და მათი მხარდამჭერების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას, რათა შესაძლებელი იყოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჰომოფობიისა და
ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნა.

2018 წლის 17 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით - 1481", - ნათქვამის სახალხო დამცველის განცხადებაში.

ტეგები