დღეს 400-ზე მეტი წყვილი ჯვარს დაიწერს
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 09:49 · 35 ნახვა
დღეს 400-ზე მეტი წყვილი ჯვარს დაიწერს

17 მაისს 400-ზე მეტი წყვილი ჯვარს დაიწერს. ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საპატრიარქოში დეკანოზმა შალვა კეკელიამ ისაუბრა.

„მეხუთე წელია, ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის და აწყურის ღვთისმშობლის ხატის შემობრძანებას საქართველოში საზეიმო მსვლელობით აღნიშნავს. ხატით მოგზაურობა იწყება 10 მაისს და მთავრდება 17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში. მსვლელობა დაემთხვა ამაღლების დღესასწაულს, ამიტომ, ხალხი წირვის შემდეგ შეიკრიბება ვარდების მოედანზე და მსვლელობა დაიძვრება სამების ტაძრისკენ.

გვაქვს ღონისძიებები დაგეგმილი ქაშუეთის ეკლესიასთან, დაილოცება 300 ოჯახი, რომელთაც 6 შვილი ჰყავთ. 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს, 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს მიეძღვნება“, – აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

საპატრიარქო 17 მაისის განრიგს ავრცელებს – 10:00 დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში (გარეთ დამონტაჟებული იქნება მონიტორები); 11:30 მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან; 12:00 დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ვარდების მოედნიდან; 12:00 პარალელურად, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი (ექვს შვილიანი) ოჯახები; 13:00 ქაშვეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით 14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადახდილი იქნება სამადლობელი პარაკლისი და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი.

ტეგები