პარლამენტში სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასებისა და რეგულირების ზეგავლენის შეფასების თემაზე სემინარი გაიმართა
ამობეჭდვა · 17 / 05 / 2018 17:37
პარლამენტში სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასებისა და რეგულირების ზეგავლენის შეფასების თემაზე სემინარი გაიმართა

საქართველოს პარლამენტში დღეს საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის (ECPRD) სემინარი გაიმართა თემაზე - „სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასება და რეგულირების ზეგავლენის შეფასება“. სემინარის მიზანია რეგულირების გავლენის შეფასების, ასევე, სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება. სემინარი მოიცავს სესიებს როგორც რეგულირების გავლენის შეფასების ინსტიტუციური ჩარჩოს, ისე მეთოდოლოგიური ასპექტების შესახებ.

ორდღიანი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ,  ირაკლი კოვზანაძემ გახსნა.  მისი განცხადებით, რეგულირების გავლენის შეფასების  (RIA-ს) დანერგვის ვალდებულება საქართველოსთვის ჯერ კიდევ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. „2013 წლის სამთავრობო პროგრამაში ჩაიდო ვალდებულება  RIA-ს სისტემის შემუშავებაზე, რომლის მიზანია  ახალი და არსებული საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასება ბიზნესგარემოსა და ეკონომიკაზე. RIA იძლევა საშუალებას, რომ ცვლილებების დაგეგმვის პროცესში წინასწარ განისაზღვროს მოსალოდნელი შედეგები, წინასწარ გავთვალოთ ყველა შესაძლო ხარჯი და სარგებელი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რეგულირების გავლენის ანალიზი გაცილებით  ეფექტიანია, თუ ის კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე ხორციელდება. საქართველოში, RIA-ს დანერგვის მნიშვნელობა და აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა ევროკავშირთან ასოცირების და საკანონმდებლო დაახლოების პროცესში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, უახლოეს დღეებში აღნიშნულ  კომიტეტში მთავრობიდან განსახილველად შევა ქვეყნის 2019-2022 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (BDD), გარდა ამისა, მოისმენენ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების,  ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშებს.

„მიმაჩნია, რომ ყველა ამ მიმართულებით, ისევე როგორც სახელმწიფო აქტივების ფლობისა და სახელმწიფო ვალის მართვის საკითხებთან დაკავშირებით, RIA-ს პრაქტიკის დანერგვა ჩვენს საქმიანობას უფრო ეფექტიანს გახდიდა“,- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის აპარატის უფროსმა, სემინარის მოდერატორმა გივი მიქანაძემ. მისი განცხადებით, საკითხი, რომლის გარშემოც  ორდღიანი მსჯელობისთვის შეიკრიბნენ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ურთიერთანამშრომლობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.  „მოხარული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა არის ასეთი წარმომადგენლობითი და სემინარში მონაწილეობას იღებს კვლევითი, ანალიტიკური სამსახურის 30 წარმომადგენელი 21 ევროპული ქვეყნიდან. წარმოდგენილია, ასევე, ევროპარლამენტი. ღონისძიებაში მონაწილეობენ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და  სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კვლევით საქმიანობაში“,- აღნიშნა გივი მიქანაძემ.  მისი განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა საჭიროებს კონკრეტულ რეგულაციებს, რაც დაგეგმილი მიზნების მიღწევას მინიმალური დანახარჯებით უზრუნველყოფს და მაქსიმალურ სარგებელს მოიტანს როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. „რეგულირების გავლენის შეფასება წარმოადგენს აღნიშნულის მიღწევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, უზრუნველყოფს რა გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირებას რეგულაციის შესაძლო გავლენის ყველა ძირითადი ასპექტის თაობაზე“, -განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა. მისი ინფორმაციით,  ამ ეტაპზე ქართული საკანონმდებლო ჩარჩო არ განსაზღვრავს აღნიშნული ინსტრუმენტის სავალდებულო ხასიათს.  თუმცა მიმდინარე აქტიური ინსტიტუციური რეფორმების ფარგლებში განიხილავს რეგულირების გავლენის შეფასების ვალდებულების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის საკითხს. „ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს მოწვეულ სტუმართა გამოცდილებისა და მოსაზრებების გაცნობა და გაზიარება რეფორმის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად.  ამ ეტაპზე ჩვენი გამოცდილება რეგულირების გავლენის შეფასების კუთხით არცთუ ისე დიდია“, -განაცხადა გივი მიქანაძემ.  მისი თქმით, მიუხედავად საკანონმდებლო დონეზე ვალდებულების არარსებობისა, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი მხარდაჭერით, უკანასკნელი წლების განმავლობაში პარლამენტს არსებითი პროგრესი აქვს რეგულირების გავლენის შეფასების კუთხით როგორც უნარების გაძლიერების, ისე საპილოტე პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. მისივე  ინფორმაციით, უნარების გაძლიერება პარლამენტის აპარატში 2015 წლიდან დაიწყო. 2017 წელს კომიტეტების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა რეგულირების გავლენის შეფასების 3 ანგარიში პარლამენტის მიერ დაგეგმილ ცალკეულ ინიციატივებზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ ერთი ანგარიშის მომზადება.

მან მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს იმ ძალისხმევისთვის, რაც პროგრესის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი გახდა.

სემინარის მონაწილეებს მიესალმა იტალიის დეპუტატთა პალატის სახელმწიფო ბიუჯეტის დეპარტამენტის უფროსი პაოლა ბონაჩი. მან სემინარის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია მოხდეს  ახალი კანონების, ახალი საკანონმდებლო აქტების პოტენციალის შეფასება. „ამასთან დაკავშირებით არსებობს ნულოვანი არჩევანი. ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა მიდგომაა ამ ამოცანების გადასაჭრელად“, - განაცხადა პაოლა ბონაჩიმ. მისი თქმით, არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ამ მიზნების მიღწევას. მან წარმატება უსურვა სემინარში მონაწილეებს.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსმა, თათა ხეთაგურმა რეგულირების ზეგავლენის შეფასების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გააცნო სტუმრებს. მან ისაუბრა ამ კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე. „ჩვენ გვჭირდება თანმიმდევრული მეთოდოლოგიური მიდგომა, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვჭირდება მოქნილობის გარკვეული დონე  მის იმპლემენტაციაში“, - აღნიშნა თათა ხეთაგურმა.

იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობის  ხედვა სემინარში მონაწილეებს  იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სანიკიძემ გააცნო. 

სემინარი კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

პირველ სესიაზე პაოლა ბინოჩიმ  ახალი რეგულაციების მონიტორინგისა და შეფასების/გავლენის შეფასების საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო გააცნო დამსწრეთ 

კითხვარის შედეგები პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა სოლომონ  სონღულაშვილმა მიმოიხილა. ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანალიტიკოსმა, კლაუდიო კოლოვამ ისაუბრა თემაზე - ევროპარლამენტი და ეკონომიკური და საბიუჯეტო გავლენის შეფასება.

გერმანიის გამოცდილება სემინარის მონაწილეებს გააცნეს გერმანიის ბუნდესრატის წარმომადგენელმა, რებეკა როტკელმა და გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელმა, მარიუს ნიესპორმა გააცნო. მათ ისაუბრეს  სახელმწიფო ფინანსებზე გავლენისა და რეგულირების გავლენის შეფასების საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს შესახებ. 

პოლონეთის ორწლიანი გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა რეგულირების გავლენის შეფასების ექსპერტმა პოლონეთის სენატიდან,  კატარჟინა მაევსკამ.

ახალი რეგულაციების მონიტორინგისა და შეფასების გამოცდილება გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე თემთა პალატატის ეკონომიკური პოლიტიკის და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა, ლორნა ბუთმა გააცნო სემინარის მონაწილეებს.

სემინარის მეორე სესია ხვალ, 18 მაისს 9 საათზე განახლდება.

ტეგები