დღეს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2018 11:04
დღეს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

დღეს, თბილისსა და 20-ზე მეტ ქალაქში, კოსტიუმირებული დღესასწაული - ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.

ორგანიზატორთა ცნობით, დღის განმავლობში მთელს საქართველოში დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან.

„18 მაისს, დილით, ჩოხაში გამოწყობილი ბაიკერები შემოივლიან თბილისის ქუჩებს, სამოსის დღეს დააანონსებენ და მოქალაქეებს ნაციონალური სამოსით ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. თბილისში მთავარი ღონისძიებები ახალ აღმაშენებელზე გაიმართება. გამოფენები და კოსტიუმირებული მსვლელობა 18:00 საათიდან დაიწყება. 19:00 საათიდან მაყურებელს საინტერესო კონცერტები ელის: სანდრო ნიკოლაძის ბენდი „მუსიკალური ელარჯი“, სუხიშვილების ახალი თაობა, „ეგარი“, ბენდი Refresh -ი & თორნიკე ყიფიანი & მარიამ აბდუშელიშვილი, ბენდი „ჩვენებურები“, „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ.

18 მაისი იქცა საზოგადოების მიერ თვითორგანიზებულ დღედ, როცა მთელი საქართველო ერთდროულად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ აღლუმებს. მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინება.
 

ტეგები