"22 წელიწადში – რაჭა, 39 წელიწადში კი გურია და იმერეთი გაუკაცრიელდება"
ამობეჭდვა · 20 / 05 / 2018 20:42
"22 წელიწადში – რაჭა, 39 წელიწადში კი გურია და იმერეთი გაუკაცრიელდება"

სტატისტიკის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბოლო 24 წელია, საქართველოს მოსახლეობა მუდმივად იკლებს და, თუნდაც მარტო ბოლო ორი საყოველთაო აღწერის მიხედვითაც, 2002 წლიდან 2014 წლამდე, ანუ 12 წელიწადში 600 000-ითაა შემცირებული. შედეგად დღეს საქართველოს მოსახლეობა შეადგენს მხოლოდ 3,7 მილიონს.

დემოგრაფები კიდევ უფრო მძიმე მომავალს პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ კლების ტენდენცია ისევ გაგრძელდება, წლიდან წლამდე შობადობა კიდევ უფრო დაიკლებს და დიდია ალბათობა, რომ 22 წელიწადში რაჭა მთლიან გაუკაცრიელდეს, 39 წელიწადში კი გაუკაცრიელდეს გურია, იმერეთი, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა მომდევნო 40 წელიწადში 3 მილიონ ადამიანზე ქვევითაც ჩამოვიდეს.

წლების წინ საგანგაშო პროგნოზი გამოაქვეყნა გაერომაც. გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მიერ 2008 წელს გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა 3,3 მილიონამდე შემცირდება.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე ამბობს, რომ გაეროს პროგნოზი წლების წინანდელია, თუმცა ეს მაჩვენებელი, ფაქტობრივად, დღეს უკვე დამდგარია, ქვეყანაში დღეს უკვე გვაქვს დემოგრაფიული კატასტროფა და 2050 წლისთვის ბევრად უფრო ცოტა ვიქნებით, ვიდრე გაერო პროგნოზირებდა.

“2050 წლამდე კიდევ 32 წელიწადია დარჩენილი და ამ 32 წელიწადში თუ რამე არ ვიღონეთ, საგანგებო ღონისძიებები არ გავატარეთ, ქართველებით დასახლებული უმრავლესი რეგიონი გაუკაცრიელდება, თბილისის გარდა”, – ამბობს თოთაძე.

“პრობლემა ისაა, რომ მთელ რეგიონებში გარდაცვლილთა რიცხვი სჭარბობს დაბადებულთა რაოდენობას. გურიაში ბოლო წლებში 1200-1300-ით მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე იბადება. ასევეა რაჭაში, იმერეთში, ქართველებით დასახლებულ რეგიონებში.

“მაგალითად, რაჭა დაცარიელდება ყველაზე მალე, 22 წელიწადში. ყველაზე მეტი მატება არის თბილისში, ქვემო ქართლსა და აჭარაში. დანარჩენ რეგიონებში ყველგან დაბალია შობადობა – რაჭა-ლეჩხუმში, განსაკუთრებით იმერეთში, გურიაში.

გამოთვლებით, თუ ტენდენცია ასე გაგრძელდა და რაიმე საგანგებო ღონისძიებები არ დავაწესეთ, რაჭა გაუკაცრიელდება 22 წელიწადში, გურია და იმერეთი გაუკაცრიელდება 39 წელიწადში. უკვე დემოგრაფიული ზამთარია დამდგარი”, – ამბობს თოთაძე.

 

“რეზონანსი”