„ჩემი შვილი ქრისტიანია და ქრისტეს და საქართველოს შეურაცხყოფას არავის აპატიებს“
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2018 16:17
„ჩემი შვილი ქრისტიანია და ქრისტეს და საქართველოს შეურაცხყოფას არავის აპატიებს“

„ჩემი შვილი ქრისტიანია და ქრისტეს და საქართველოს შეურაცხყოფას არავის აპატიებს“ - ასეთია 15 წლის ბიჭის დედის პოზიცია, რომლის შვილიც პოლიციამ 17 მაისს, ლგბტ აქტივისტზე ძალადობისთვის დააკავა.

“ჩემი შვილი ქართულ ოჯახში იზრდება, სადაც სამშობლოსთვის თავდადებას ვასწავლით, სადაც სამშობლოს და საქართველოს სიყვარულს ვასწავლით… ჩემი შვილი ქრისტიანია და ქრისტეს და საქართველოს შეურაცხყოფას არავის აპატიებს. ეგ არის უბედურება, რომ ვერ ხვდებიან, რის წინაშე დგას ერი. ჩვენ ბნელებს გვიწოდებენ. ვიქნები ბნელი და ჩამორჩენილი”, - დაწერა სერგის დედამ ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, 2003 წელს დაბადებულმა სერგი კ.-მ ნიკა გორგილაძეს, რომელიც ანტიჰომოფობიურ შეკრებაზე სიტყვით გამოდიოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავდაპრველად თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ ის რამდენიმე მეტრში დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი, რომელიც ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდა, ამჟამად დაკავებული არ არის, თუმცა როგორც გახარიას უწყებაში ამბობენ, ასაკი მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

ამჟამა 15 წლის სერგი კ.-ის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რაც შეეხება მისი გათავისუფლების მიზეზს, უწყებაში ამბობენ, რომ ამას არასრულწლოვანთა კოდექსი კრძალავს.

„ს.კ. პასუხს აგებს 126-ე მუხლით (ძალადობა) გათვალისწინებული სანქციების შესაბამისად. არ განიხილება არც მუხლის გადაკვალიფიცირება, არც რაიმე შემამსუბუქებელი ღონისძიება. ის დაისჯება კანონით გათვალისწინებული პროცედურებით“ - ამბობენ სამინისტროში.როგორც არასრულწლოვანის ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, სერგის მუქარის შემცველ ტექსტებსაც უწერენ, რაც, მისი აზრით, რეალურია, რადგან ხელკეტებით შეიარაღებული 4 პირი სერგის სახლთან იყო მისული და მოზარდს ეძებდა. ადვოკატის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ მოკვლევა უკვე დაიწყო.
 

ტეგები