ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ცვლილებებზე იმსჯელეს
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2018 18:37
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ცვლილებებზე იმსჯელეს

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც სისტემის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, კანონპროექტის წარდგენისას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, სისტემის რეფორმირებისთვის 2017 წლის ბოლოს გარკვეული ცვლილებები უკვე განხორციელდა, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი კი, რომელიც დეტალური ანალიზის და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობის შედეგად მომზადდა, მართველობის სისტემას კიდევ უფრო ეფექტურს და მობილურს გახდის. შალვა ხუციშვილმა კომიტეტის სხდომაზე ცვლილებების ძირითად არსზე და პრინციპებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს 5 დონიანი მართვის სისტემიდან 2 დონიან სისტემაზე გადასვლა, რაც ოპერატიულ მართვას გაადვილებს. სამსახურის უფროსის მოადგილემ შსს-სა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის ფუნქციური უფლება-მოვალეობების გამიჯვნის თაობაზეც ისაუბრა და დეტალურად განმარტა ყველა ის სიახლე, რასაც წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს. მანვე ძირითადი კანონპროექტიდან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტის ცვლილებების არსი და მიზნები განმარტა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ კომიტეტმა მომხსენებლისგან საინტერესო და მოცულობითი ინფორმაცია მოისმინა. „ცვლილებების შედეგად, მართვის სისტემა უფრო თანამედროვე ჩარჩოზე გადადის, რომელიც დაგვეხმარება მთელი რიგი საგანგებო სიტუაციების ეფექტურად მართვაში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პროფესიული განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონპროექტის წარდგენისას. მისი განცხადებით, პროფესიული განათლების რეფორმა სისტემის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს და შესაბამისად, ცვლილებების პროექტის სრულიად ახალი რედაქცია მომზადდა. „კანონპროექტში ასახულია ყველა ის თემა, რომელიც რეფორმის კონტექსტში იქნა დეკლარირებული. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირება ხდება და პროფესიული განათლებიდან უმაღლეს განათლებაზე გადასვლის შესაძლებლობა იქმნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა წარმოდგენილი კანონპროექტის და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტის თაობაზე და განსაკუთრებული ყურადღება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტზე გაამახვილა, რომელიც კომიტეტის დარგობრივ სფეროს განეკუთვნებოდა.

„ქვეყნის განვითარების 4 პუნქტიანი პროგრამის ერთ-ერთ მიმართულებას პროფესიული განათლების რეფორმა წარმოადგენს და იგი ჩვენთვის იმ მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოფხვრის ქვაკუთხედი უნდა გახდეს, რაც უმუშევრობას უკავშირდება. უზარმაზარი აცილებაა ბაზარზე მოთხოვნასა და სამუშაო ძალის, შესაბამისი განათლებისა და მომზადების მქონე ადამიანების მიწოდებას შორის და ეს ჩვენი ქვეყნის დიდი პრობლემაა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ წარმოდგენილი კანონპროექტის შეფასებისას.

კომიტეტის სხდომაზე რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ დოკუმენტებზეც იმსჯელეს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ კომიტეტის წევრებს „საქართველოს მტავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება“ გააცნო. წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ჩიეთის მხარე საქართველოსთვის უსასყიდლოდ გამოყოფს 60 მლნ. ჩინურ იუანს (დაახლოებით 25 მლნ. ლარი), რაც ორი ფსიქიატრიული ცენტრის მშენებლობას მოხმარდება. სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მამუკა ბარათაშვილმა „საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ სარატიფიკაციო შეტანხმება წარმოადგინა.

კომიტეტის წევრები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მესამე მოსმენით, ხოლო „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, პირველი მოსმენით გაეცნენ. სხდომის დასასრულს, კომიტეტის წევრებმა მოქალაქე მაია რობაქიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელეს, რომელიც „აღმზრდელთა სახელმწიფო რეესტრის შექმნისა და წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს შეეხებოდა. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადების საკანონმდებლო ინიციატივად ჩამოყალიბებას მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე განხილულ კანონპროექტებზე და სარატიფიკაციო ხელშეკრულებებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.

 

ტეგები