სოციალური მუშაობის შესახებ კანონის პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2018 21:50
სოციალური მუშაობის შესახებ კანონის პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტში დღეს სოციალური მუშაობის შესახებ კანონის პროექტი იურიდიულ კომიტეტზე მოისმინეს. მომხსენებლის, სოფო კილაძის შეფასებით, ეს არის სოციალური მუშაობის მთელი სფეროს რეფორმა, რომელიც დიდ სიკეთეს მოიტანს ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებისთვის და იგი მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება როგორც ინდივიდების, ისე ოჯახების და მთლიანად სახელმწიფოს გაძლიერების კუთხით. დეპუტატის თქმით, იქმნება საკანომდებლო უნიფიცირებული ჩარჩო, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი სოციალური მუშაკის უფლება მოვალეობები და ღონისძიებები, რაც დაიცავს სოციალურ მუშაკებსაც და ბენეფიციარებსაც. „კანონი ითვალისწინებს სოციალური გარანტიების შექმნას სოციალური მუშაკებისთვის, რადგან მიგვაჩნია ადამიანები, რომლებიც სხვათა უფლებებს იცავენ, პირველ რიგში თავად უნდა გრძნობდნენ თავს დაცულად.“ აღნიშნა სოფო კილაძემ. დეპუტატის თქმით, პროექტის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია სისტემის დეცენტრალიზაცია, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმასთან შესაბამისობაშია გაწერილი. იმპლემენტაციის გეგმის წარმატებული განხორციელება კი დიდ წილად იქნება დამოკიდებული როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით.

კომიტეტმა საკანომდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

ტეგები