საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დღეს ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2018 22:18
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დღეს ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

 „ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა "პირველ არხთან" საუბარში განაცხადა.

როგორც მარიამ ჯაში აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი არამარტო ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში ჩაერთვება, არამედ ის მონაწილეობას მიიღებს სხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი მიიღებს მონაწილეობას არამხოლოდ ნარკოპოლიტიკის, არამედ სხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბუნებრივია, ის გახლავთ პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარე. ის ბრუნდება პოლიტიკაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ სწორედ ბატონი ივანიშვილის დაბრუნება იქნება ახალი დინამიკის, ახალი ეტაპის დასაწყისი, რომელიც სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გარდატეხას მოიტანს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ხვალ უმრავლესობის ფორმატში ნარკოპოლიტიკის რეფორმის პრინციპებზე შეჯერდებიან და ივნისის შუა რიცხვებში კონსენსუსით მიღებული კანონპროექტი დაიდება.

„საზოგადოების თითოეული წევრისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა შემუშავდეს და დაინერგოს ქვეყანაში. სამი ძირითადი პრინციპი, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, არის ჰუმანიზაცია მომხმარებლების მიმართ, უკიდურესი გამკაცრება ნარკორეალიზატორების მიმართ და სახელმწიფო ინვესტიციების დაბალანსება უფრო მეტი აქცენტით პრევენციაზე და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებებზე. მე იმედი მაქვს, რომ ხვალ ეს სამი ძირითადი მიდგომა შეჯერდება და ასევე, გვექნება დამატებითი განხილვები, თუ როდის შეიძლება საბოლოოდ შეჯერებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა იქნას დამტკიცებული. ივნისის პირველი რიცხვები ივნისის შუა რიცხვებამდე პერიოდი არის ის ვადა, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული გადავადების შემდგომ კანონპროექტის განხილვისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავასრულებთ ამ უაღრესად კომპლექსურ, ძალიან ფაქიზ საკითხზე მუშაობას და იქნება ის ნარკოპოლიტიკა, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრისთვის იქნება მისაღები და შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკის თვალსაზრისითაც მაქსიმალურად დაბალანსებული“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ „ქართული ოცნების“ ოფისში 10:00 საათზე დაიწყება.

ტეგები