ზაზა გაბუნია თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე “საიას” წარმომადგენლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2018 16:55
ზაზა გაბუნია თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე “საიას” წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ, თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ამ პროექტის განხორციელებას, რადგან მოწყვლადი ჯგუფების უფლებებსა და საჭიროებებს უკავშირდება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ თვითმმართველობების ბიუჯეტებში ამ კომპონენტების გათვალისწინებაზე მუშაობას უკავშირდება. მნიშვნელოვანია მოსახლეობა მონაწილეობას იღებდეს ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში", - აცხადებს გაბუნია.

"საიას“ რეგიონული განვითარების დირექტორმა, მზია გოჩელაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა პავლიაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს გააცნეს დეტალური ინფორმაცია ახალი პროექტის შესახებ - ,,ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ .

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე სამიზნე მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით, ქართული კანონმდებლობის გაუმჯობესება სოციალურ- ეკონომიკური უფლებრივი მდგომარეობის გაჯანსაღების კუთხით. დაგეგმილია გაიცეს ქვეგრანტები ადგილზე რიგი საჭიროებებიდან გამომდინარე. ეს ყოველივე დაეფუძნება კვლევებს, რომლიც ჩატარებასაც პროექტის ფარგლებში ,,საია“ უახლოეს პერიოდში აპირებს.

,,საიას“ აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის განცხადებით, დაგეგმილია ტრეინინგები მდგრად განვითარებაზე, საბიუჯეტო დაგეგმარებასა და ასევე ფონდების მოძიებაზე. ,,ვაპირებთ, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით აისახოს ადგილობრივ ბიუჯეტში მოსახლეობის საჭიროებები და რეალურად დავეხმაროთ მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. -განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

აღნიშნული პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, ეკომიგრანტები, ქალები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და თვითმმართველობა. ეს ყოველივე ემსახურება მუნიციპალიტეტების გაძლიერებას.

,,ვგევმავთ, საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების მომზადებას სოციალურ -ეკონომიკური დაცვის მიმართულებით და ამ ჭრილში მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი აქტიური თანამშრომლობა საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან“, - განაცხადა ,,საიას“ რეგიონული განვითარების დირექტორმა, მზია გოჩელაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე.






 

ტეგები