ირაკლი კობახიძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციას შეხვდა
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2018 18:44
ირაკლი კობახიძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის ვიცე-პრეზიდენტი, ირჟი შესტაკი ხელმძღვანელობს.

ჩეხი დეპუტატების განცხადებით, საქართველოს მიმართ ჩეხეთის განსაკუთრებულ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერაზე მეტყველებს წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც სენატის რამდენიმე კომიტეტის ხელმძღვანელი შედის.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსადმი ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა და სტუმრებს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური კავშირების განმტკიცებაზე, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე, აქტიური საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიისა და კულტურის მიმართ ჩეხი ერის დაინტერესებას გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით, ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, განსაკუთრებით კი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია - შთამბეჭდავია. ირჟი შესტაკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების მიმართ და განაცხადა, რომ სენატი მზად არის, ამ გზაზე საქართველოს პარლამენტს შესაბამისი მხარდაჭერა გაუწიოს.

მხარეებმა საქართველოში განხორციელებულ და დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო რეფორმაზე, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ეკონომიკურ და სატრანზიტო პოტენციალზე.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს არ არის გაყინული კონფლიქტი, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი ადასტურებს. ჩეხმა დეპუტატებმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

შეხვედრის დასასრულს, ირაკლი კობახიძემ სენატის წევრებს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობის მიერ ქართველის სტუდენტებისთვის სტიპენდიების გამოყოფისთვის.

მხარეები ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რასაც, მათი შეფასებით, ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ტეგები