თამარ ხულორდავა ესტონეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2018 20:11
თამარ ხულორდავა ესტონეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მოადგილეებთან - ირინე ფრუიძესა და გიორგი კანდელაკთან ერთად, ესტონეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდა.

თამარ ხულორდავამ მადლობა გადაუხადა ესტონეთის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს ვიზიტისთვის, რომელიც, მისი თქმით, საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის დასტურია. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ურყევობაზე, რაც წარმოადგენს არა მხოლოდ საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების სულისკვეთებას, არამედ ქართული საზოგადოების მოთხოვნა და ისტორიული არჩევანია.

კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ესტონეთის მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი. მან ყურადღება გაამახვილა ესტონეთის შესაძლებობასა და როლზე, წვლილი შეიტანოს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების პროცესში და ასევე წარადგინოს საქართველო, როგორც წარმატებული მაგალითი, ევროკავშირის გაფართოებისადმი შედარებით სკეპიკურად განწყობილ ქვეყნებში.

ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ თომას ვიტსუტმა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი 100 წლის იუბილე მიულოცა. მან ხაზი გაუსვა, ორი ქვეყნის პარლამენტებსა და დიპლომატიურ წარმომომადგენლობებს შორის აქტიურ თანამშრომლობას და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისადმი.

შეხვედრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროპოული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული შედეგები და ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესი მიმოიხილა. „ასოცირების შეთანხმება ამბიციურ დოკუმენტია, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს. ცალსახაა, რომ რეფორმების მიმდინარეობის და შედეგების თვალსაზრისით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია, მაგრამ ჩვენ ბევრად მეტი ამბიცია გვაქვს. გვინდა წარმოვაჩინოთ, რომ საქართველოს შედეგები ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან შედარებითაც საკმაოდ შთამბეჭდავია და იმსახურებს აღარებას“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირინა ფრუიძემ აღნიშნა, ასოცირების შეთანხმებით მიღწევადი რეალური შედეგები წარმოადგენს გრძელვადიან მიზნებს, რომელიც, ერთბაშად ვერ აისახება მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ამდენად, დეპუტატმა ამ პროცესში მოსახლეობის ინფორმირების აუცილებლობას და ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე საუბრისას, თამარ ხულორდავამ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები აღნიშნა, სადაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფება, კონსტიტუციური კანონით არის დეკლარირებული. მან ასევე აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტისადმი მომზადებული რეკომენდაციები, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მისწრაფებებს სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვენებისგან განასხვავებს და წუხილი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტის პოზიცია ვერ აისახა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა რბილი ძალიას საფრთხეებზე, რაც მოსახლების განწყობებით მანიპულირებასა და ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებაში გამოიხატება.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კანდელაკმა ყურადღება გამახვილა რუსეთის მხრიდან წარმოებული პროპაგანდის გავლენაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერის შემცირების თვალსაზრისით. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, აღნიშნა მნიშვნელოვანია, საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

„საქართველოს ხელისუფლება დეზინფორმაციულ პროპაგანდას კონკრეტული პოზიტიური მაგალითების წარმოჩენით, მეტი ინფორმაციით და მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაციით უპირისპირდება. რაც შეეხება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას, საქართველოს ხელისუფლება რეალისტურად აფასებს არსებულ ვითარებას. ჩვენ არ გვსურს ისეთი ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც არსებული ვითარების გათვალისწინებით უკუშედეგის მომცემი იქნება და დაახლოების ნაცვლად დაგვაშორებს ჩვენს საბოლოო მიზანს - რაც ევროკავშირის წევრობაა. ამ მიზნამდე მიმავალი გზა და დრო სწორედ რეფორმების განხორციელებისთვის და ევროპული სტანდარტების საქართველოში დანერგვისთვის უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.







​ 

ტეგები