თამარ ხულორდავა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციას შეხვდა
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2018 20:21
თამარ ხულორდავა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი კანდელაკთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის ვიცე-პრეზიდენტი, ირჟი შესტაკი ხელმძღვანელობს.

სტუმრებმა შეხვედრისას, კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ისე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

„ჩეხეთის დელეგაციის სტუმრობის ერთ-ერთი მიზანია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ჩეხეთის ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციით ვიზიტი, რომლის შემადგენლობაში არიან სენატის ევროკავშირის საკითხთა და ეროვნული ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის კომიტეტების ხელმძღვანელები, არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით, აქვს ჩეხეთის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა - ეს უკავშირდება როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა კონკრეტულ სარგებელზე, რომელზეც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ხელი მიუწვდება საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის როლზე საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. თამარ ხულორდავამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე, სინანული გამოთქვა, რომ საერთაშორისო შეთანხმების მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების საჭიროებაზე ისაუბრა.

სტუმრები ასევე დაინტერესდნენ ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობით. „ვიზალიბერალიზაციის შედეგის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის მასშტაბით თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა არ გაიზარდოს. ამ პროცესს ხელს შეუწყობს ის, რომ ჩეხეთმა ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნების სიაში შეიყვანოს. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ეს საკითხიც დავაყენეთ და კოლეგებისგან მივიღეთ დაპირება, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ ამ მიმართულებით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ხულორდავამ.

​ 

ტეგები