ხვალ სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო მოსმენა გაიმართება
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2018 22:36
ხვალ სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო მოსმენა გაიმართება

ხვალ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)”  ბოლო მოსმენა გაიმართება, რის შემდეგაც სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით სათათბიროდ გავა.

გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოცხადდება.

საქართველომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა, თუმცა, საბოლოოდ ის დასაშვებად ცნეს 2011 წლის 13 დეკემბერს, ხოლო 2012 წლის 3 აპრილს საქმე განსახილველად დიდ პალატას დაეწერა.

საქართველო რუსეთს ედავება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და შემდგომ პერიოდშიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი ოქმებით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევებს. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა დაარღვია ევროკონვენციის მუხლები სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების შესახებ და ა.შ.
 

ტეგები