ახალი მეწყერსაშიში ზონა თბილისში - ვარაზისხევში, შესაძლოა, დეველოპერებს მშენებლობა აეკრძალოთ
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2018 13:40
ახალი მეწყერსაშიში ზონა თბილისში - ვარაზისხევში, შესაძლოა, დეველოპერებს მშენებლობა აეკრძალოთ

ვარაზისხევში, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დეველოპერებს შესაძლოა მშენებლობა აეკრძალოთ. ამის შესახებ „კომერსანტს“  ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ  განუცხადა.

როგორც გეგიძემ განაცხადა, ტერიტორიის კომპლექსური კვლევა დასრულებულია. დასკვნის თანახმად, სტიქიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად, მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდობზე მშენებლობები უნდა აიკრძალოს, ხოლო უკვე აშენებული შენობების დასაცავად სპეციალური, ფერდობის გასამაგრებელი, საინჟინრო ნაგებობები მოეწყოს.

დეპუტატი აცხადებს, რომ  მეწყრული პროცესების გააქტიურების ალბათობა დიდია. მთის ფერდის ძირი უკვე მოჭრილია, რის გამოც, არსებობს მეწყრული პროცესების გააქტიურების დიდი ალბათობა. ხოლო მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე უხვნალექიანობის გამო დაძრული მეწყრის, ან ღვარცოფის განვითარების შედეგად მოსალოდნელია მდინარის კალაპოტის ჩახერგვა და წყლის ნაკადის გადმოსვლა არსებული ჯებირიდან.

 “გეოფიზიკური და ზოგად გეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მდინარე ვარაზისხევის ხეობის ზედა წელში, მდინარის მარცხენა ფერდობზე მეწყრის საშიშროება არ არსებობს, მოსალოდნელია მხოლოდ მცირე მასშტაბის ქვათაცვენები. მარჯვენა ფერდზე არსებული გრუნტი კი არასტაბილურია”, – ასეთია დასკვნის ნაწილი.

ბიძინა გეგიძის განცხადებით, აღნიშნული კვლევის ჩატარება ნინო ჟვანიას ქუჩაზე  მცხოვრებლების თხოვნით დაიწყო.  როგორც ადგილობრივები აცხადებენ, იქ არსებული მშენებლობები უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე  მიმდინარეობდა

„აქედან გამომდინარე, მივმართე სეისმოლოგიის ეროვნულ სააგენტოს და გარემოს დაცვის სამინისტროში არსებულ სამსახურებს. შედგა ჯგუფი, ჩატარდა კვლევა  და მომზადდა დასკვნები. კვლევის პრეზენტაციები უკვე მოხდა. დაახლოებით 2 კვირაში საპარლამენტო ფორმატში საკითხის განხილვა დაიწყება, სადაც მიწვეულნი იქნებიან როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე  მშენებლობის განმახორციელებელი დეველოპერები. სწორედ ამ ფორმატში მოხდება რეკომენდაციების გაზიარება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაც,“-აცხადებს გეგიძე.

 

 

იხილეთ სრულად