ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით უანგარო დონორთა აქცია, „გაიღე სისხლი გაუზიარე სიცოცხლე სხვას“ ჩატარდა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2018 13:57
ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით უანგარო დონორთა აქცია, „გაიღე სისხლი გაუზიარე სიცოცხლე სხვას“ ჩატარდა

ისნის №8 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, ირაკლი აბუსერიძის და ამავე რაიონის მაჟორიტარი საკრებულოს წევრის, ლევან დავითაშვილის ინიციატივით, უანგარო დონორთა აქცია, „გაიღე სისხლი გაუზიარე სიცოცხლე სხვას“ ჩატარდა.

აქცია დეპუტატების სამაჟორიტარო ბიუროში გაიმართა, სადაც ბიუროს თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ უანგაროდ გაიღეს სისხლი, რათა გადაარჩინონ სხვისი სიცოცხლე.

აქცია მიზნად ისახავს იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. დონაციის აქციის ჩატარება უზრუნველყო საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა სისხლის ბანკმა, რომელიც 2007 წელს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე შეიქმნა.

როგორც მედიკოსებმა აღნიშნეს, სისხლის ჩაბარება ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოდ. დეპუტატების განცხადებით, საქართველოში უანგარო დონორობის დამკვიდრება მნიშვნელოვანია და მსგავსი აქციები პერმანენტულ ხასიათს უნდა იღებდეს.

„მ.იაშვილის სახელობის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობენ ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვები. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისხლის ჯგუფის შოვნა ვერ ხერხდება, იქმნება დეფიციტი და ახლობლებს სტრესულ სიტუაციებში უწევთ დონორთა მოძიება, ამიტომ უანგარო დონორობის დამკვიდრება მნიშვნელოვანია. დღევანდელი აქციით ჩვენ შევეცადეთ, რომ მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის მცირეოდენით მაინც შეგვემსუბუქებინა მდგომარეობა. ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის, მსგავსი აქცია მომავალშიც დაიგეგმება", - აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

ტეგები