ვინ არის ჰაკუჰო, რომელიც ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ დაამარცხა?
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2018 10:50
ვინ არის ჰაკუჰო, რომელიც ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ დაამარცხა?

მწერალი რამაზ გიგაური, ლევან გორგაძის მიერ ნაცუ ბაშოზე სუმოს ცოცხალი ლეგენდის, იმპერატორის თასის 40-გზის მფლობელის იოკოძუნა ჰაკუჰოს დამარცხებას ეხმაურება.

„ცოტნე გმირია, დიდებული გმირი

ოღონდაც...
თუ ბიჭები ვართ, ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს.
ვახსენოთ სახედაღრეჯილი ლომი მონღოლი
გმირობისა და ვაჟკაცობის უბადლო მცოდნე...“
შოთა ნიშნიანიძე

ჰაკუჰოს, იგივე „თეთრ ფენიქსს“ სუსტი წერტილი არ გააჩნია.
ის სუმოს ყველა მიმართულებით უმაღლეს დონეზე ჭიდაობს.
ამიტომ არის 40-გზის ჩემპიონი და სუმოს ისტორიაში არავინ ყოფილა მასზე მეტჯერ იმპერატორის თასის მფლობელი.
ის არის ამბიციური და ნამდვილი მოწინააღმდეგე.
გადმოცემით, როდესაც მეორე მონღოლი იოკუძუნა ასასორიუ გადადგა, ჰაკუჰო ლამის ტიროდა და სუმოსთვის თავის დანებებას აპირებდა, რადგან მას აღარ ჰყავდა ძირითადი მოწინააღმდეგე.
მან დაკარგა მოტივაცია.
ის არასდროს ჭიდაობს არაღირსეულად.
დღესაც, მან იცოდა, რომ ტოჩინიშინი „აიღებდა“ მავაშის (ქამარს), რადგან ლევანი სწორედ აქ არის ძალიან ძლიერი. ჰაკუჰომაც იგივე სტილი აარჩია. თუმცა, შეიძლება ეს წაგებად დასჯდომოდა, რადგან ლევანს მეტი ძალა თუ არა, ნაკლები ნამდვილად არ აქვს.
მას შეეძლო სხვა სტრატეგია აერჩია, არ მიეცა ლევანისთვის ქამარში ჩასვლის საშუალება, ებრძოლა მანძილიდან. ამ დროს გამარჯვების მეტი შანსი ექნებოდა, მაგრამ მას უნდოდა დაემტკიცებინა, რომ თუ დაამარცხებდა ლევანს - დაამარცხებდა იმ სტრატეგიით, სადაც ლევანი უძლიერესია.
ეს მოწინააღმდეგის დაფასებაც არის და სუმოსიც.
ჰაკუჰო დამარცხდა. დამარცხდა ღირსეულად.
ის ნამდვილი იოკუძუნაა.
დიდი მადლობა ჰაკუჰოს - დიდ იოკუძუნას, ნამდვილ გმირსა და რაინდს!
მიყვარს ასეთი ადამიანი, რომელიც ღირსებას არ კარგავს არასდროს.
ამიტომ არის სუმო - ღმერთების ბრძოლა!

ტოჩინიშინს კი ვეტყვი: წინ ლევან, იმპერატორის თასისკენ!
მოგეგოს არა მხოლოდ ეს ბაშო, არამედ შემდეგიც და გვენახოს ქართველი იოკუძუნა - დიდი ჩემპიონი", - წერს გიგაური.

ტეგები