ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლობის დარბაზს გახსნის
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2018 13:56
ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლობის დარბაზს გახსნის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მოლდოველ კოლეგასთან-ანდრიან კანდუსთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლობის დარბაზს გახსნის. ირაკლი კობახიძე, ანდრიან კანდუ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ.

დარბაზის გახსნა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან ასი წლის იუბილეს ეძღვნება.

დარბაზი, სადაც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალა იქნება წარმოდგენილი, სრულად აღადგენს 1918-1921 წლებში განვითარებულ მოვლენებს. გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია საბჭოთა ეპოქის ამსახველი ფოტომასალა (კინოს, თეატრის, მუსიკის, სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოები). ექსპოზიცია დარბაზში დამონტაჟებულ სიმბოლურ წითელ გვირაბზე იქნება დატანილი. გვირაბის შიდა ნაწილში განთავსდება ფოტოები. გვირაბთან მინი-ექსპოზიციები მოეწყობა.

ასევე, წარმოდგენილი იქნება 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოები, ძველ მონიტორზე ასახული ზვიად გამსახურდიას მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების კადრები. ექსპოზიციას დაასრულებს დღევანდელი საქართველოს რუკა და კონფლიქტის ზონის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ფონად მავთულხლართები გასდევს.

დამოუკიდებლობის დარბაზში წარმოდგენილი ექსპოზიცია მუდმივმოქმედი იქნება და მისი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს უფასოდ მიეცემა.




 

ტეგები