რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა რეგიონებში გაზიფიცირების შესახებ ანგარიში მოისმინა
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2018 18:22
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა რეგიონებში გაზიფიცირების შესახებ ანგარიში მოისმინა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2018 წლის გეგმის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ანგარიში მოისმინეს საქართველოს რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების მიმდინარე ღონისძიებებისა და სამთავრობო პროგრამით 2018-2019 წლებში გათვალისწინებული საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

„კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავს რომ პოლიტიკა განისაზღვროს იმგვარად, რომ რეგიონებისა და მინიციპალიტეტების სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესი იყოს დინამიური, შეუქცევადი, ქვეყნის ყველა ნაწილში ბარში თუ მაღალ მთაში შეიქმნას საცხოვრებლად შესაფერისი გარემო პირობები და ურბანული პროცესების საუკეთესო გამოცდილების, პრაქტიკის გათვალისწინებით განხორციელდეს მართვა და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია დასახლებების უსაფრთხო და მდგრადი ენერგოუზრუნველყოფა, ბუნებრივი აირის მიწოდება და ზოგადად ამ საკითხების გადაწყვეტა, რომელიც ამ თემატიკასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ბოლო წლებში, განხორციელდა უპრეცედენტო ღონისძიებები ამ თვალსაზრისით. როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია მისი წინამორბედის, გრიგოლ ლილუაშვილის წვლილიც, რომლის ძალისხმევითაც გასულ წელს საქართველოს მთავრობამ 20 მლნ ლარი შეიტანა დამატებით ბიუჯეტში, რასაც მოყვა მნიშვნელოვანი სამუშაოები წელსაც და, ზოგადად, 2018-2019 წლების სახელმწიფო პროგრამა არის ძალიან ამბიციური, რომლის მიხედვითაც ბევრ მუნიციპალიტეტს და დასახლებას, ათობით ათას აბონენტს ამ გეგმის და ამოცანების მიხედვით, გაუკეთდება გაზიფიკაციის თვალსაზრისით ახალი, მნიშვნელოვანი შეთავაზებები. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ამ მხრივ, ნამდვილად აღსანიშნავია მაჟორიტარი დეპუტატების ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობა.

ზოგადი ინფორმაცია ქვეყანაში გაზიფიცირების მიმდინარე ღონისძიებებზე და უკვე შესრულებულ სამუშაოების შესახებ, ასევე კომპანიების ვალდებულებებზე კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, რომლის განცხადებით, სამუშაოები განსაკუთრებით მასშტაბურად 2009 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

მთავრობის მიერ მხარდაჭერი გაზიფიკაციის პროგრამა 2009-დან 2012 წლამდე გაზიფიცირებული აბონენტების რიცხვი არის 121 ათასი აბონენტი, ხო;ო 2012 წლიდან 2017 წლამდე გაზიფიცირებულია 177 ათასი აბონენტი, მათ შორის 535 დასახლებული პუნქტი. კომპანია „სოკარის“ მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება შესრულებულია და გეგმიური 250 ათასი აბონენტის ნაცვლად 2017 წლის ბოლოსათვის გაზიფიცირებულია უკვე 298 ათასი აბონენტი. „რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით მეტი შედეგის მიღწევა -ასეთი პრინციპის განხორციელებაზეა მიმართული მთელი საქმიანობა იმისათვის, რომ მოხდეს სოფლების გაზიფიკაცია“, - განაცხადა მომხსენებელმა. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მომხსენებლის გარდა, კანონმდებელთა კითხვებს ასევე უპასუხეს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პრობლემების მიუხედავად, გაზიფიკაციის საკითხი ქვეყანაში წარმატებით წყდება, ვინაიდან, საქართველო რეგიონში არის ლიდერი - ჩვენთან გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობა პროცენტულად მეტია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მზად არიან კომიტეტის წევრებთან, საერთოდ, პარლამენტთან თანამშრომლობისათვის.

კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო. ზაზა გაბუნიას განცხადებით, სხდომაზე დაისვა კითხვები, რომლებიც სამუშაო ფორმატში საჭიროებს გადაწყვეტას და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ინტენსიური გახდება.

კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებიც განიხილა, რომლებიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. პირველი მათგანი არის „საქართველოს და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკს შორის ჩარჩო სასესხო შეთანხმების (თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდა)“ ცვლილება N1. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, პროექტის მიზანია თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრება და ამ სკოლებში ენერგოეფექტურობის გაზრდა. ამ პროექტის ღირებულება დაახლოებით 22 მლნ. ევროა, საიდანაც ევროპის საბჭოს განვითარების ბანკიდან დაფინანსება 14 მლნ. ევროა სესხის სახით. პროექტი ასევე ფინანსდება აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდიდან გრანტის სახით - 6 მლნ. ევრო. გათვალისწინებულია, რომ სესხის თანხა დაფარავს ხარჯებს, რომელიც დაკავშირებულია შენობების სრულ რეაბილიტაცია-გამაგრებასთან, ხოლო გრანტით ენერგოეფექტურობის ღონისძიებები დაფინანსდება. ცვლილება N1-ის მიზანია პროექტის განმახორციელებლის შეცვლა, შესაბამისად, პროექტის განმახორციელებლად სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განისაზღვრა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაცვლად.

მეორე სარატიფიკაციო დოკუმენტია - შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ (2017)“

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017)“ შეთანხმება გერმანიის მიერ საქართველოსათვის დაახლოებით 230 მლნ ევროს ოდენობით სესხის და 22,7 მლნ ევროს ოდენობით ფინანსების (გრანტის) გამოყოფას ითვალისწინებს შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად: „ენერგოსექტორის ღია პროგრამა“, კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის, პროფესიული განათლება I, წყალმომარაგება სოფლად აჭარაში, კლიმატისათვის უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, ნარჩენების კლიმატისათვის უსაფრთხო მართვა III, ენერგოეფექტურობის ამაღლება და სხვა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ზემოაღნიშნული ჩარჩო შეთანხმებას წარმოადგენს და თითოეული კომპონენტის კუთხით, კონკრეტულ პროექტზე ასევე გაფორმდება ცალკეული ხელშეკრულება, რომელიც რატიფიკაციისთვის კვლავ პარლამენტს წარედგინება.

კომიტეტმა ორივე დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

 

ტეგები