გაბუნია სტიქაროსანი იყო და ერთ დროს ბერობა უნდოდა - დედა სიდონია
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2018 20:31
გაბუნია სტიქაროსანი იყო და ერთ დროს ბერობა უნდოდა - დედა სიდონია

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მიერ გადაცემა “არჩევანში“ გაკეთებულ რეპლიკას, რომელსაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და საპატრიარქოს განცხადება მოჰყვა, დედა სიდონია სოციალური ქსელში ეხმაურება. ამის შესახებ 2020news.ge წერს.

“აი, რას ვფიქრობ. არც ჩემთვისაა სასიამოვნოდ მოსასმენი მსგავსი საუბრები ღვთისმშობელზე. მაგრამ ვფიქრობ, როდესაც აგრესიას ავლენენ, მრევლი და სამღვდელოება არანაკლებ ცუდად იქცევა.

გაბუნიას არ ვიცავ, მაგრამ, სხვათა შორის, სტიქაროსანი იყო და ერთ დროს ბერობა უნდოდა.

რამდენია ასე წამოსული ეკლესიიდან. როცა სულიერი კრიზისები ეწყებათ, მაშინ რატო არ ვუდგავართ მხარში? მაგრამ მაშინ ყველა მაგარია ამპარტავანოს ძახილში! მერე თავისი პროტესტები ჯერ ფერად თმასა და საყურეებში გამოხატა, მერე კი – ამ ფორმით. რეალურად, არავინ იცის, რა ენატრება ძველი პერიოდიდან, რაზე სწყდება გული და ა.შ ვინმე დაუჯდა და დაელაპარაკა პირისპირ?” – წერს დედა სიდონია.

დედა სიდონია მეუფე იობის მიერ გიორგი გაბუნიას დაწყევლის ფაქტსაც გამოეხმაურა.

„რაც შეეხება მეუფე იობს. მას პირადი რისხვის გამო, უფლება არ აქვს, წყევლა და შეჩვენება გამოიყენოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მღვდელმთავრის ღირსებას იყენებს პირადი რისხვის გამოსავლენად.

შეჩვენების უფლება მხოლოდ კრებას აქვს და არა-ცალკეულ მღვდელმთავარს. ამბობენ, წმინდა ნიკოლოზმა ხელი გაარტყა არიოზსო გმობისთვის, მაგრამ არ შეუჩვენებია. ანათემას შეიძლება კრებულმა გადასცეს ერეტიკოსი, და არა – ერთი დაბნეული ადამიანი.

გული მტკივა, რომ კაცობრიობის არსებობის ალფა და ომეგა არავის ახსოვს. (ყოველ შემთხვევაში ქმედებებში ასე ჩანს) და, ამ გაუთავებელ ავანტიურასა და აგრესიაში ვსპობთ სიყვარულსა და სიხარულს-მცნებათა შორის უპირატესს!“ - წერს დედაო.

რაც შეეხება საპატრიარქოს მიერ, სამაუწყებლო კომპანიისთვის ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებას დედა სიდონია ასე აფასებს:

“ისე, თუ ტელევიზიას ერთი კონკრეტული გადაცემისა და ჟურნალისტის გამო ვუცხადებთ ბოიკოტს, საპატრიარქოს, თუნდაც ერთი ჩემნაირი უღირსის გამო (უღირსები კი მას მრავლად ჰყავს) ვინ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი და რა ფორმით? სიყვარულით, დედა სიდონია “, – წერს დედა სიდონია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან, ხოლო საპატრიარქოს განცხადებამდე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა მიტროპოლიტმა იობმა. საქმე ეხება გადაცემა "არჩევანს", რომელიც შეეხებოდა კანონპოროექტს, რომლითაც შესაძლოა აიკრძალოს მხატვრული ნამუშევარი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მოსამართლე. გადაცემის წამყვანმა, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ მხატვარი ლია უკლებას ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” შემდეგი სიტყვებით წარადგინა: “შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს".

ტეგები