პატრიარქს ხუთჯერ წავუკითხეთ წერილი - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ნიკა გვარამიას პასუხობს
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2018 23:30
პატრიარქს ხუთჯერ წავუკითხეთ წერილი - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ნიკა გვარამიას პასუხობს

პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ საპატრიარქოს განცხადება უწმინდესს, სულ მცირე, 5-ჯერ წაუკითხეს.

“ტელევიზიის ხელმძღვანელს რატომღაც ჰგონია, რომ ეს წერილები იბეჭდება სადღაც სხვაგან. სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ გუშინ ხუთჯერ წავუკითხეთ პატრიარქს ტექსტი, რომელიც უნდა გაგვევრცელებინა. ასე რომ ბატონ ნიკა გვარამიას ნუ ჰგონია, რომ ეს ტექსტი იწერება სადღაც გამოქვაბულსა და ჯურღმულში, ეს წერილი იწერება საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლების მიერ და ის თანხმდება მის უწმინდესობასთან ”, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა "პირველ არხთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიას განცხადა, რომ პატრიარქს საპატრიარქოს სახელით გამოქვეყნებული განცხადება არ უნახავს.

კერძოდ, აღნიშნული განცხადებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან, ხოლო საპატრიარქოს განცხადებამდე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა მიტროპოლიტმა იობმა. საქმე ეხება გადაცემა "არჩევანს", რომელიც შეეხებოდა კანონპოროექტს, რომლითაც შესაძლოა აიკრძალოს მხატვრული ნამუშევარი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მოსამართლე. გადაცემის წამყვანმა, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ მხატვარი ლია უკლებას ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” შემდეგი სიტყვებით წარადგინა: “შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს". 

ტეგები