„დამიდგინა მხოლოდ მარიხუანას მოხმარება“ - ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა თავისუფალია
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2018 20:07
„დამიდგინა მხოლოდ მარიხუანას მოხმარება“ - ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა თავისუფალია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა, რომელიც 25 მაისს გვიან ღამით დააკავეს, უკვე გათავისუფლებულია. ამის შესახებ თავად ჟურნალისტი წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

“პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც ამ თითქმის 48 საათის განმავლობაში ჩემზე იფიქრა და იდარდა. კარგად გამოვიძინე და სათქმელიც დამიგროვდა... მადლობა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის წყალობითაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სანქციები გაუქმდა, ანუ ჩემი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არ აღმოჩნდა.

თითქმის 4 საათიანი ჩხრეკის შედეგად ჩემი საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებს მარიხუანას გარდა არაფერი ამოუღიათ. ამის მიუხედავად, ჩემმა კოლეგებმა, სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დამაკავეს და ასევე, რომ დიდი სასჯელი მემუქრებოდა. ამ ინფორმაციას კი შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებდა.

ასევე, ამოღებულია ჩემი პირადი იარაღი, რომელიც არის გაფორმებული, რეგისტრირებული და მე მაქვს მისი შენახვის კანონიერი უფლება. ჩამიტარდა ნარკოლოგიური შემოწმება და დამიდგინა მხოლოდ მარიხუანას მოხმარება. ასევე, სავარაუდოდ, ნივთიერ მტკიცებულებებს ჩაუტარდა ექსპერტიზა. თუკი ვინმეს, ვინც უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს და ეჭვი ეპარება იმ ყველაფერში რასაც მე ვამბობ, ამაზე უკვე ჩემ ადვოკატებთან გავივლი კონსულტაციას და სამართლებრივ მსვლელობას მივცემ.

პ.ს ვისაც ჩემი ვალი გქონდათ და გეგონათ შეგრჩათ, არ გამოვიდა ეგ ამბავი“, - წერს ჩაჩუა ფეისბუქზე.

ტეგები