ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა სოფიო კილაძესთან შეხვედრას დათანხმდა
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2018 13:50
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა სოფიო კილაძესთან შეხვედრას დათანხმდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მზადაა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს შეხვდეს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს სოფიო კილაძის შეთავაზების საპასუხოდ განუცხადა. მისივე თქმით, ის მზადაა შეხვდეს დეპუტატს, თუმცა შეხვედრას მისი უფლებადამცველებიც უნდა დაესწრონ. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

"მზად ვარ ნებისმიერ ადამიანს შევხვდე. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ის მმართველი გუნდიდან იქნება, სხვა პოლიტიკური პარტიიდან თუ უბრალო საქართველოს მოქალაქე იქნება. ოღონდ, უნდა შევხვდე ჩემს უფლებადამცველებთან, ქალბატონ ნესტან ლონდარიძესთან და ზვიად კუპრავასთან ერთად", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მზადყოფნას გამოთქვამს მოკლული მოზარდის მამას შეხვდეს.

გუშინ ზაზა სრალიძის ორგანიზებით პარალემენტის წინ აქცია "ნუ მოკლავ" გაიმართა. მონაწილეებმა პროკურატურას მოთხოვნები წაუყენეს, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მასშტაბური აქციები დააანონსეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

ტეგები