ერეკლე მეფის ახლადგახსნილ მუზეუმში წყალმა გაჟონა და ნახატები დააზიანა
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2018 15:06
ერეკლე მეფის ახლადგახსნილ მუზეუმში წყალმა გაჟონა და ნახატები დააზიანა

თელავში, ერეკლე მეფის რეაბილიტირებულ სამუზეუმო კომპლექსში,  საკანალიზაციო მილი გასკდა და ხელოვნების საცავში რამდენიმე ნახატი დაზიანდა. ინფორმაციას "რეგინფო" ავრცელებს.

მუზეუმის დირექტორის გურამ ურჩუხიშვილის განცხადებით, საკანალიზაციო მილი სიმძიმისგან გაიღუნა, გამტარუნარიანობა დაკარგა, გასკდა და წყალი ხელოვნების საცავში დაიღვარა.

„კოლექციიდან არაფერი დაზიანებულა. ქართველი მხატვრების 4-5 ნახატი დაზიანდა, დასველდა. ამოვიტანეთ და გავაშრეთ. დიდად ღირებული არ არის. შევატყობინეთ სამშენებლო კომპანია „ჯავას“ წარმომადგენლებს. გუშინვე ჩამოვიდნენ და დაზიანებული კანალიზაციის მილი აღადგინეს“, - აღნიშნა ურჩუხიშვილმა.

თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 16 მაისს გახსნა. ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 14 მილიონი ლარია.

 

ტეგები