"ასეთი სადისტური მკვლელობა როგორ შეიძლება სხვას დავაბრალო" - ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დედა
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2018 15:19
"ასეთი სადისტური მკვლელობა როგორ შეიძლება სხვას დავაბრალო" - ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დედა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ ერთი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის დედა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას, რომელმაც მკვლელობის იარაღად მაკრატლები დაასახელა, კატეგორიულად არ ეთანხმება. ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.

მოკლულის დედა ამბობს, რომ მის შვილთან მიმართებაში, ერთი პირი ფიგურირებს და იმ ვერსიას რაც მას აქვს, არ დაემთხვევა არც პროკურატურის და არც დაცვის მხარის ვერსიები.

"არ დავინახო ვინმემ მითხრას, რომ ლევანის წინაშე ორი მკვლელი იყო. მე შეიძლება ისეთი ინფორმაციაც ვიცოდე, რაც პროკურატურამ არ იცის და ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო რაც ილაპარაკა მაია ნიკოლეიშვილმა. ასეთი სადისტური მკვლელობა როგორ შეიძლება სხვას დავაბრალო", - აცხადებს მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

ტეგები