2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის პარალელური სესია ადამიანის უფლებათა ფაქტორს დაეთმო
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2018 17:26
2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის პარალელური სესია ადამიანის უფლებათა ფაქტორს დაეთმო

გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის თემაზე გამართული კონფერენციის დღევანდელი პლენარული სხდომის ერთ-ერთი პარალელური სესიის თემა ადამიანის უფლებები და დღის წესრიგის განხორციელების პროცესში შესაბამისი მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა იყო.

პანელს მოდერატორობას უწევდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ფელიქს ჰეტი.

ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ოფისის ხელმძღვანელის, ვერენა ტეილორის განცხადებით, ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. მისი ინფორმაციით, საბჭო მუშაობს 3 თემაზე, რომელთაგანაც პირველი არის ერთობლივი გადაწყვეტილებების გამოძებნა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. „ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფო მონაწილეობს ყველა პროცესში, სტანდარტულ აქტივობებში და ჩვენგან იღებს ტექნიკურ დახმარებას.

ჩვენი ყველა საქმიანობა მიმართულია მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის შესასრულებლად.“- განაცხადა მომხსენებელმა. მისი ინფორაციით, ევროპის საბჭოს აქვს 26 პროგრამა, რომელთაგანაც 25 სწორედ მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლადაა შემუშავებული. მან ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა სასამართლოზე, რომელიც მისივე თქმით არის ერთადერთი სასამართლო, რომელიც მონაწილეობს ამ მიზნების განხორციელებაში. ვერენა ტეილორმა ისაუბრა ევროსაბჭოს კონვენციების შესახებ, მათ შორის, ტრეფიკინგის, ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე ბავშვთა იძულებით შრომის აღმოფხვრის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა მართლმსჯულების ხელმისაწვდომობაზე, რაზეც მისი თქმით, ვენეციის კომისია მუშაობს. „ ვენეციის კომისია ასევე მხარდაჭერას უწვს იმ ქვეყნებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ახორციელებენ“, მისი ინფორმაციით აღნიშნულ საკითხებზე ევროპის საბჭოს ასამბლეა ინტენსიურად მუშაობს და შესაბამისი რეზოლუციებიც აქვს მიღებული. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი პროფ. ლევან იზორია. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს. „სოფო კილაძე ძალ-ღონეს არ იშურებს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი სტანდარტებით მიმდინარეობდეს საქართველოში“, - განაცხადა ლევან იზორიამ. მისი თქმით, თავდაცვის უწყებების თანამშრომლები , პირველ რიგში, ადამიანის უფლებების დაცვასა და იმ ღირებულებებს ემსახურებიან, რასაც ცივილიზაცია გვთავაზობს. მინისტრმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა. მათ შორის, სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებულ რეფორმაზე, რომელიც პატიმართა უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. ისაუბრა ასევე საყოველთაო ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამების, პროფესიული განათლებისა და შრომის უფლებების შესახებ. „ ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო და გამოწვევად რჩება თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ჰქონდეს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, რათა თითოეულმა თავისი ცოდნით მიაღწიოს წარმატებას“, - განაცხადა ლევან იზორიამ. მან ისაუბრა სამხედროების სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფაზე. მისი ინფორმაციით, წელს დასავლეთ საქართველოში გაიხსნება ისეთივე სამხედრო ჰოსპიტალი, როგორიც უკვე ფუნქციონირებს აღმოსავლეთ საქართველოში. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გენდერულ თანასწორობაზე? „ ჩვენ ვართ ერთ-ერთი წარმატებული ამ მიმართულებით. სამხედრო სამსახურში 7% ქალბატონებია, თუმცა ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. პირველად საქართველოს ისტორიაში გვყავს ქალბატონი გენერალი, რითაც გაჩნდა ახალი დინამიკა სამხედრო სტრუქტურაში მაქსიმალური წოდების მიღების თვალსაზრისით. შემოვიღეთ გენდერული მრჩევლების ინსტიტუტი, რომელიც აწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა იყოს გენდერული თანასწორობა უზრუნველყოფილი. უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულია რეზოლუცია. ვაწარმოებთ მონიტორინგს, თუ როგორ არის ქალთა უფლებები დაცული შეიარაღებულ ძალებში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ აღნიშნა, საქართველოში იყო პერიოდი, როცა შეუძლებელი გახლდათ შინაგან საქმეთა ან თავდაცვის მინისტრს ესაუბრა ადამიანის უფლებებზე. მისი შეფასებით, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის განვითარებაში. დეპუტატმა ისაუბრა მდგრადი განვითარების 17 მიზნის მნიშვნელობის შესახებ. მისი თქმით, ეს არის ძალიან ამბიციური ამოცანა. „ეს იყო სამყაროს სრული ტრანსფორმაცია, რომელიც ახალი სამყაროს შექმნას ითვალისწინებს, სადაც არ იქნება შიმშილი, არ იქნება სიღარიბე, ბავშვები არ იქნებიან ქუჩაში, არ იქნებიან მშივრები, სადაც მართლმსაჯულება იქნება ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი. ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორობა, სოლიდარობა და ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის უფლებები იყოს დაცული.“, - განაცხადა სოფო კილაძემ. მან ისაუბრა ქალთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, მეცნიერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევაში. სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა სოციალური მუშაკის რეფორმაზე, რომელზეც კომიტეტი ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად არასამთავრობო სექტორისა და მეცნიერთა ჩართულობით მუშაობს. „ ურთიერთთანამშრომლობით შემუშავებული იქნა კანონპროექტი, რომელზეც ვიმსჯელეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. უახლოეს დღეებში მისი გატანა პლენარულ სხდომაზე იგეგმება. კანონპროექტი დაგვეხმარება ადამიანის უფლებების უკეთ დაცვაში, სოციალური სახელმწიფოს პრინციპების უკეთ დაცვაში. პარლამენტმა, მეცნიერებმა და არასამთავრობო სექტორმა GIZ -ის დახმარებით ერთობლივად გავაანალიზეთ, რა პრობლემები არსებობს დასაქმების მიმართულებით, რათა თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო და ღირსეული ხელფასი“, - განაცხადა სოფო კილაძემ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ბავშვთა კოდექსზე, რომელიც კომიტეტმა სამ ჯგუფთან ერთად შეიმუშავა და რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის მყარ გარანტიებს იძლევა.








 

ტეგები