"თვეებს წინ ამერიკელი ვეგონეთ, დღეს ყველამ იცის, რომ "ტოჩინოშინის ჯოოჯიადან" ვარ" - როგორ გააცნო ლევან გორგოძემ იაპონელებს საქართველო
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2018 18:27
"თვეებს წინ ამერიკელი ვეგონეთ, დღეს ყველამ იცის, რომ "ტოჩინოშინის ჯოოჯიადან" ვარ" -  როგორ გააცნო ლევან გორგოძემ იაპონელებს საქართველო

ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ჩემპიონის ტიტული ვერ მოიპოვა, თუმცა ქართველმა სუმოისტმა იაპონიას საქართველო ყველა ელჩზე კარგად გააცნო.

sportall.ge-მ იაპონიაში მცხოვრებ ქართველ სოფო გოგოლაძესთან ჩაწერა ინტერვიუ , რომელიც სააგენტოს ლევან გორგაძის შესახებ უყვება.

აქამდე იაპონელები საქართველოს "ჯოოჯიად" მოიხსენიებდნენ, დღეს კი უკვე იციან, რომ ეს ტოჩინოშინისა და ღვინის სამშობლოა.

სოფოს თქმით, ლევანის გამოსვლას ბოლო ბრძოლის შემდეგ უამრავი ადამიანი ელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტოჩინოშინის გამოსვლა ერთ-ერთი ბოლო იყო, უმრავლესობა დარჩა, რათა ქართველთან ერთად სურათი გადაეღოთ და მისი ავტოგრაფები მიეღოთ.

გოგოლაძე ასევე გვეუბნება, რომ იაპონელებს ლევანი ძალიან უყვართ და დიდ პატივს სცემენ. მის მიმართ უზომოდ დიდი სითბო, სიყვარული და პატივისცემა იგრძნობა.

"მუზეუმში ვიყავი და დედა-შვილი შემხვდა. რომ გაიგეს, "ჯოოჯიადან" ვიყავი, "აა, ტოჩინოშინ" წამოიძახა ორივემ. ეს არის საოცრება! როცა რამდენიმე თვის წინ უმრავლესობას ამერიკელი ვეგონე, დღეს ყველამ იცის, რომ "ტოჩინოშინის ჯოოჯიადან" ვარ!", - გვიყვება სოფო გოგოლაძე.

ფაქტი ერთია, ლევან გორგაძემ მოახერხა და მისი პატარა სამშობლო იაპონიას გააცნო. ეს ყველაფერი კი ჩემპიონობაც არის და უფრო მეტიც, რისთვისაც მას მხოლოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ.

გთავაზობთ კადრებს, რომელიც გოგოლაძემ ექსკლუზიურად Sportall.ge-სთვის ტოჩინოშინის ნაცუ ბაშოზე ჩატარებული ბოლო ბრძოლის შემდეგ გადაიღო.

ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორი სიყვარული და სითბო იგრძნობა იაპონელი გულშემატკივრის მხრიდან ლევან გორგაძისადმი.

ტეგები