საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 30% ე.წ. შავ სიაშია
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2018 15:25
საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 30% ე.წ. შავ სიაშია

ჭარბვალიანობა სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წყაროა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მედიისთვის გამართულ სპეციალურ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

ბახტაძემ ჟურნალისტებს საბანკო საფინანსო სექტორში დაგეგმილი ახალი რეფორმის დეტალები გააცნო. მისი განცხადებით, ჭარბვალიანობა ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს.

„დღეს ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ჭარბვალიანობის გამო შეექმნათ პრობლემები, ამოვარდნენ აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტი ე.წ. შავ სიაშია. ეს პრაქტიკულად, დაკარგული რესურსია ეკონომიკური განვითარებისათვის. ამის შედეგებს უკვე ვხედავთ - დაახლოებით 630 ათას ადამიანს მოკლებული აქვს შესაძლებლობა, გახდეს აქტიური სამუშაო ძალა.

შემცირებული განკარგვადი შემოსავალი, ბუნებრივია, ამცირებს ეკონომიკურ აქტიურობას, ხდება დანაზოგების შემცირება. ხშირ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაკრედიტების ისეთ მოდელებთან, რომელიც არანაირ დამატებულ ღირებულებას არ ქმნის ეკონომიკაში. განსაკუთრებით, საუბარია მაღალ პროცენტიან სამომხმარებლო სესხებზე, რომლის უკან არ დგას მსესხებლის შემოსავალი“,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, ჭარბვალიანობა მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე მაკროეკონომიკური კუთხითაც და ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. ბახტაძემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემაზე, რომელიც უკავშირდება მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

ტეგები