საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2018 15:55
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველოს 30-31 მაისს, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. 

30 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომხეთის პრემიერს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. 

პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება. 

12:30 საათზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.  

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება (აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლები უნდა ეკონტაქტონ პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურებს). 

19:15 საათზე, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრებიან, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. 

მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების გასაშუქებლად, მედიის წარმომადგენლებმა უნდა გაიარონ აკრედიტაცია. მოგმართავთ თხოვნით, დღეს, 29 მაისს, 18:00 საათამდე მოგვაწოდოთ იმ ჟურნალისტების, ოპერატორების, ფოტოგრაფებისა და ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელთა მონაცემები (სახელი, გვარი), რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ღონისძიებებს და თბილისის საკრებულოში გამართულ მიღებას გააშუქებენ. მედიის არააკრედიტებული წარმომადგენლები, ღონისძიებების გასაშუქებლად არ დაიშვებიან. 

ტეგები