"მამუკა ბახტაძის ინიციატივებს მივესალმები, თუმცა ეს უნდა მოდიოდეს ეროვნული ბანკისგან, რომელიც პასიურობით გამოირჩევა"
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2018 17:56
"მამუკა ბახტაძის ინიციატივებს მივესალმები, თუმცა ეს უნდა მოდიოდეს ეროვნული ბანკისგან, რომელიც პასიურობით გამოირჩევა"

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა. 

- ბატონო ლადო, ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მან მთავრობის სხდომას წარუდგინა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც დაამკვიდრებენ სრულიად ახალ სამართლიან თამაშის წესებს საფინანსო-საბანკო სექტორში, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ჩვენი მოსახლეობის ინტერესები. საუბარია, არაერთ საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე. თქვენი შეფასებით, რამდენად ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს მოქალაქეებისთვის ის რეგულაციები, რაზეც მინისტრი მამუკა ბახტაძე იმედებს ამყარებს და რამდენად მართებულია მტკიცება, რომ ეს რეგულაციები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას? 

- საქართველოს ახალი ფინანსთა მინისტრის, ბატონ მამუკა ბახტაძის ინიციატივებს მივესალმები, რადგანაც ისინი მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანაში დამყარდეს ფინანსური წესრიგი. ეს ინიციატივები წესით უნდა მოდიოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებიდან, რადგანაც ის, რასაც ფინანსთა მინისტრი გვთავაზობს, აწესრიგებს საკრედიტო სფეროს. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი აშკარად გამოხატული პასიურობით გამოირჩევა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კობა გვენეტაძის პროფესიულ მომზადებაში ეჭვის შეტანა ძნელია, სახეზეა მისი და მისი გუნდის პასიურობა, რის გამოც ეროვნული ბანკი პრაქტიკულად ”უძრაობის” რეჟიმშია გადასული და მის გასაკეთებელ საქმეს ფინანსთა სამინისტრო იღებს თავის თავზე. მთავარია, რომ საქმე გაკეთდეს. ეროვნული ბანკის საქმიანობა კი ცალკე არის ყურადღება მისაქცევი... 

ბატონი მამუკას ინიციატივებიდან შედარებით რთული დასარეგულირებელი იქნება სამევახშეო სფერო, რადგანაც მევახშეებისთვის უფრო დამახასიათებელია არალეგალური საქმიანობა. ასევე არ იქნება მარტივი ონლაინ-სესხების სფეროს დარეგულირებაც. ის შემართება, რაც გამოაჩინა ბატონმა მამუკა ბახტაძემ, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

 
 

ტეგები