„მხარდაჭერა გვაქვს,რომ სიმართლემ აუცილებლად უნდა იზეიმოს“ - ზაზა სარალიძე
ამობეჭდვა · 30 / 05 / 2018 12:36
„მხარდაჭერა გვაქვს,რომ სიმართლემ აუცილებლად უნდა იზეიმოს“ - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, სარალიძესთან ერთად ზვიად კუპრავა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და მარგველაშვილის მრჩეველი კახა კოჟორიძე მონაწილეობდნენ.  შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციტივით გაიმართა.

„ღრმა დეტალებში შევედით, ზუსტად იმ კითხვის ნიშნებიდან გამომდინარე ვისაუბრეთ. ამ კითხვებზე პასუხის გაცემული მაქვს, თუმცა პროკურატურას არ სურს, რომ აღიაროს. იქიდან მხარდაჭერა გვაქვს,რომ სიმართლემ აუცილებლად უნდა იზეიმოს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რაც შეეხება მთავარ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას, სარალიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე თანახმაა, თუმცა შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.

სარალიძის თქმით, ის მზად არის პროკურატურის შეთავაზება მიიღოს, თუ მას შესაძლებლობა ექნება მის წარმომადგენლებთან ერთად მივიდეს შეხვედრაზე.

„ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ ძალიან ვთხოვ. უკანონო ადვოკატიო, უკანონობა მალხაზ კაპანაძემ თვითონ ჩაიდინა. ჩემს მიერ წარმოდგენილ პიროვნებებთან ერთად ნებისმიერ ადამიანთან შესახვედრად მზად ვარ,“- აცხადებს სარალიძე.

ტეგები