ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ამობეჭდვა · 30 / 05 / 2018 15:22
ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში ხელისუფლების შეცვლის პროცესის მშვიდობიანი დასასრული ქართულ-სომხური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების დასაწყისი იქნება.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას და პოლიტიკური ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ორივე ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურებაზე გამახვილდა ყურადღება. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ის თავად იყო სომხეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი და შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ორმხრივი ურთიერთობების საპარლამენტო განზომილებას.

ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა ორი ქვეყნის საერთო მიზნები განიხილეს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მთავარი საერთო მიზანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა და განმტკიცება.

საუბარი, ასევე, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს შეეხო. სომხური მხარის თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, საქართველოს გამოცდილება მათი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის ელჩებს მადლობა გადაუხადეს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ხაზი გაესვა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების საჭიროებას. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

ტეგები