პარლამენტის პლენარული სხდომა
ამობეჭდვა · 30 / 05 / 2018 21:58
პარლამენტის პლენარული სხდომა

დღეს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დელეგაცია ჯონათან ჯანოგლის ხელმძღვანელობით სტუმრობდა.

როგორც პლენარული სხდომის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ჯონათან ჯანოგლი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის (APPG) ხელმძღვანელია, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრი ორდონ მარსდენი, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის წევრი ლორდ ფრანსის ნორსბრუქი და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის წევრი ლორდ ჯონ კილკლუნი.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დელეგაცია საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს წარმოადგენს.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ დელეგაციამ გადაწყვიტა ეს ვიზიტი დაემთხვია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი რესპუბლიკის დაფუძნებიდან 100 წლის აღნიშვნისთვის. საქართველოს პარლამენტსა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტს შორის დამყარებულია ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები. ჩვენთვის, ბუნებრივია, როგორც პარლამენტისთვის, ასევე მთლიანდ ქვეყნისთვის დიდი ბრიტანეთის, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერა არის განსაკუთრებული. მადლობას ვუხდით მათ ამ თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ მივესალმებით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჯონათან ჯანოგლიმ საქართველოს პარლამენტის წევრებს და ქართველ ხალხს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

მან ისაუბრა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობებზე, ორი ქვეყნის პარლამენტების აქტიურ თანამშრომლობაზე და საერთო ღირებულებებზე.

„საერთო ღირებულებები, რომლებიც საქართველოსა და ბრიტანეთს გააჩნია, ეს ის ღირებულებებია, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს: გამოხატვის თავისუფლება, რწმენის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, საკუთრების თავისუფლება, მინიმალური სახელმწიფო ჩარევა, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის მხარდაჭერა. ისტორია გვკარნახობს, რომ ფასეულობათა ამ სისტემისკენ უნდა ისწრაფოდეს ნებისმიერი ადამიანი“, - განაცხადა ჯონათან ჯანოგლიმ.

მისივე თქმით, როდესაც დღევანდელი საქართველოს მაგალითი განიხილება, აუცილებლად უნდა დაინახო ის კონკრეტული არჩევანი, რომელიც ქვეყანამ გააკეთა ამ ფუნდამენტური ღირებულებების მიმართულებით. „დასავლეთმა უნდა აღიაროს და დააფასოს ის ფაქტი, რომ საქართველო იზიარებს ჩვენს ფასეულობებს და ამ ფასეულობების საფუძველზე ყალიბდება საზოგადოება, ინსტიტუციები და იქმნება კანონმდებლობა. საქართველო ნამდვილად იგრძნობს თავს „სახლში“ ევროპულ ოჯახში და ისეთ დასავლურ ორგანიზაციებში, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო".

ჯონათან ჯანოგლიმ ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის წინაშე მდგარ საერთო გამოწვევებზე და ამ კუთხით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

„საქართველო ყოველთვის ახერხებდა თავის წარმოჩენას იმით, რომ იცავდა დასავლურ ღირებულებებს, შეჰქონდა საკუთარი სამხედრო წვლილი ნატოში, ავღანეთის მისიაში და ასევე მხარს უჭერდა ბრიტანეთის დიპლომატიურ პასუხს იმის თაობაზე, რომ მიუღებელია ქიმიური ნივთიერებებისა და იარაღის გამოყენება ინგლისში. საქართველოს ყველა ეს ქმედება იყო მოკავშირისა და მეგობრის მიერ გაწეული მხარდაჭერა, რასაც ჩემი ქვეყანა ძალიან აფასებს. საპასუხოდ, სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ გაერთიანებული სამეფო სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს საქართველოში, რადგან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს“,-აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, სრულიად მიუღებელია ის ფაქტი, რომ გარეშე ძალების მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%-ი. „აგრესიის წინააღმდეგ საპასუხოდ აუცილებელია მრავალმხრივი მხარდაჭერა. ჩვენ შეიძლება შეგვექმნას წარმოდგენა, რომ დიქტატორი უზომოდ ძლიერია, მაგრამ ეს მხოლოდ ხანმოკლე იქნება, რადგან საბოლოოდ დემოკრატია და საერთო ღირებულებები გაიმარჯვებს“,-განაცხადა ჯონათან ჯანოგლიმ.

სტუმარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა ჯონათან ჯანოგლის მხარდაჭერისთვის.

„დიდი მადლობა თქვენი სიტყვებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლისთვის, ასევე იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მხრიდან წლების განმავლობაში გრძნობს ჩვენი ქვეყანა, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენ პარლამენტებს შორის ორმხრივი ურთიერთობა, თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტრად ღრმავდება“, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის პლენარული სხდომა, დეპუტატების განცხადებებს დაეთმო.

საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თავის განცხადებაში დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის, ჯონათან ჯანოგლის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

„მართლაც დიდი სიხარულით და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ბრიტანეთისა და საქართველოს პარლამენტებს შორის უპრეცენდენტოდ მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და ამის დასტურია ის განცხადებები და ის მხარდამჭერი სიტყვები, რასაც დღეს ვისმენთ ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მხარეს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების მზაობისთვის და ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის მხარდაჭერისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას საინტერესო და მხარდამჭერი გამოსვლისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს საქართველოს საგარეო კურსის, ტერიტორიულ მთლიანობის და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი 2018 წლის 29 მაისს, სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის აღიარებას“ გამოეხმაურა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით დაიწყოს შესაბამისი პროცედურა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგია, რითაც, ფაქტობრივად ასადის რეჟიმმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და სამწუხაროდ, მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. ამ გადაწყვეტილებით მათ უგულებელყვეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მიგვაჩნია გამართლებულად პროცედურის დაწყება სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით, ასევე მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ განიხილოს აღნიშნული საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის ყველა შესაძლო ფორმატში, და მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცეს ასადის რეჟიმის მიერ მიღებულ ამ უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ასევე აღნიშნა, რომ სირიის ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არსებითად ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს არაღიარების იმ პროცესზე, რომელსაც საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის აღიარებას“ გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, თუ: რა ღონისძიებები გაატარა უწყებამ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული, რა საფრთხის წინაშე დგას საქართველოს სახელმწიფო და არსებობს თუ არა საფრთხე, რომ სირიის გადაწყვეტილებას სხვა სახელმწიფოებისგანაც მოჰყვეს მსგავსი გადაწყვეტილებები.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმაქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს, ზაფხულის ბაშოზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა.

„მინდა მივულოცო ჩვენს სუმოისტს, უკვე პირველ ქართველ ოძეკს სუმოს სამყაროში ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს საამაყო გამოსვლა ახლახანს დასრულებულ ზაფხულის ბაშოზე და ვუსურვო წარმატებები სპორტულ კარიერაში და პირად ცხოვრებაში. მისი ბოლო დროინდელი წარმატებების შემდეგ იაპონიაში და არა მარტო იაპონიაში, ერთიორად გაიზარდა საქართველოსადმი ინტერესი, რაც ადასტურებს თუ რამხელა ძალა და გავლენა აქვს სპორტს მთლიანად ქვეყნისთვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა გამოცხადდა უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებად ჩვენს ქვეყანაში.

„ეს სასიხარულოა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი უკვე დიდი ხანია ამ მიზნით მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ექსპერტთან და ადგილობრივ სპეციალისტთან. ჩვენ უკვე მივიღეთ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო სტრატეგია. კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს საქართველოს სპორტის შესახებ ახალი კანონის შემუშავება, რომლის პარლამენტში დასამტკიცებლად შემოტანა იგეგმება 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. მისივე თქმით მასობრივი სპორტის განვითარება, საერთაშორისო არენაზე სპორტული წარმატებების გარდა საქართველოს მოუტანს ძალიან ბევრ სიკეთეს, პირველ რიგში ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით.

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას. სოფიო კილაძემ აღნიშნა, რომ ის კომიტეტის ფარგლებში აპირებს შეხვდეს დაღუპული მოზარდის მამას.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბატონ ზაზასთან და უახლოეს დღეებში, ვაპირებთ კომიტეტის ფარგლებში შევხვდეთ და მისი წუხილი კიდევ ერთხელ გავიზიაროთ. ის კითხვები, რომელიც მას აქვს, გავიაროთ კიდევ ერთხელ და მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ. ასევე გვერდით დავუდგეთ სამართლებრივად და ამ ადამიანს დავეხმაროთ სამართლიანობის აღდგენაში, საბოლოოდ, ჭეშმარიტების გაცნობაში ამ საკითხთან დაკავშრებით“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

განცხადებების შემდეგ, დეპუტატებმა კანონპროექტების და საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვა დაიწყეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით წარმოადგინა კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტები.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რომელიც გულისხმობს რამდენიმე კომპონენტს. ეს არის, პირველ რიგში, ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ, ასევე განათლებაზე წვდომის ხელმისაწვდომობის გაზრდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის. ინიციატივის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ინსტრუმენტის ამოქმედება, რომელიც მოითხოვს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს. ინიციატივის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია პირადი ნომრით რეგისტრაციის შესაძლებლობის მიცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ მოქალაქეობა და არ არიან რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეები და ლეგიტიმურად ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ძირითადი შინაარსი აღნიშნული ცვლილებების გულისხმობს სწორედ ამ შესაძლებლობის გაჩენას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატებს პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები გააცნო და კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხა.

სხდომაზე მესამე მოსმენით იქნა განხილული კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმად, უფასო იურიდიული დახმარების უფლების სუბიექტად არასრულწლოვან მოწმესთან ერთად, ასევე განისაზღვრება არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი.

პლენარულმა სხდომამ მესამე მოსმენით განიხილა კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ წარმოადგინა.

მისი განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილება ეხება მუნიციპალიტეტებში ავტომანქანების პარკირების და დგომა-გაჩერების წესების რეგულაციას. გოგა გულორდავას განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც მუნიციპალიტეტებს მისცემს საშუალებას აღასრულონ საკუთარი უფლებამოსილება, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მესამე მოსმენით საკომიტეტო განხილვის დროს, კანონპროექტში ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შევიდა.

პლენარულ სხდომაზე განხილული იყო საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკს შორის ჩარჩო სასესხო შეთანხმების (თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდა)“ ცვლილება #1“- რატიფიცირების შესახებ.

როგორც მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემგანაცხადა, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საქართველოსთვის 14 მილიონი ევროს გამოყოფა სესხის სახით, რომელსაც თან სდევდა 6 მილიონი ევრო გრანტის სახით. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია თბილისში 25 სკოლის რეაბილიტაციისა და მათი ენერგოეფექტურობის ამაღლებისათვის. მისი განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, აღნიშნული თანხის ხარჯვას ნაცვლად განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროსი განახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

სხდომაზე, ასევე განხილული იყო საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017)“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე.
როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, ჩარჩო ხელშეკრულება ითვალისწინებს გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის 230 მილიონი ევროს ოდენობით საკრედიტო რესურსის და 22.7 მილიონი ევროს ოდენობით საგრანტო რესურსის გამოყოფას. „ეს არის ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება და თითოეულ კომპონენტზე დამოუკიდებელი ხელშეკრულება იქნება წარმოდგენილი, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც სესხის დაზუსტებული მოცულობა, ასევე საპროცენტო განაკვეთები და გადახდის გრაფიკი“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

ხელშეკრულების მიზნობრიობაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ: ენერგოსექტორის ღია პროგრამისთვის გათვალისწინებულია 100 მილიონი ევრო კრედიტი და ერთი მილიონი ევრო სესხი; კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის - 50 მილიონი ევრო სესხი და 2 მილიონი ევრო გრანტი; პროფესიული განათლებისთვის - 20 მილიონი ევრო სესხი და 3 მილიონი ევრო გრანტი; წყალმომარაგებისთვის - 20 მილიონი ევრო კრედიტი და 1 მილიონი ევრო გრანტი; ნარჩენების მართვისთვის - 10 მილიონი ევრო და ასევე, 10 მილიონი ევრო გრანტი - დევნილთათვის სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური მუშაობის შესახებ“.

„წარმოგიდგენთ სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმის სამართლებრივი საფუძველს, კერძოდ სრულიად ახალ კანონპროექტს, რომელიც, სამწუხაროდ, არ გვქონდა საქართველოში. სოციალური მუშაკი არის პროფესია, რომელიც დღესდღეობით არ არის რეგულირებული, არ არსებობს ერთიანი უნიფიცირებული აქტი, რომელიც ამ საკითხებს დაარეგულირებდა და ერთიან სტანდარტს შექმნიდა“,-განაცხადა სოფიო კილაძემ.

კანონის პროექტის მიხედვით, იქმნება სოციალური მუშაობის ერთიანი სისტემა. კანონის პროექტით რეგულირდება სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები. კანონის პროექტი აგრეთვე აწესრიგებს სოციალური მუშაკის პროფესიულ კვალიფიკაციასთან, სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასთან, სოციალური გარანტიებთან, სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობასთან და კარიერულ დაწინაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„სოციალური მუშაკი არის სახელმწიფო ის წარმომადგენელი, რომელიც მიდის ყველაზე დაჩაგრულ, ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებთან და გვერდით უდგას მათ. ჩვენ ვფიქრობ, რომ ამ რეფორმით გავაძლიერებთ ინდივიდებს, ჩვენ გავაძლიერებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს გვერდით დგომა. ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმის საშულებით შევამცირებთ კრიმინალის რაოდენობას, გაჭირვებას, სიღარიბეს, შევამცირებთ სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებებს, ისეთებს როგორიც არის მაგალითად, აზარტული თამაშებზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას“,-განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იქნა განხილული კანონის პროექტი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტი არეგულირებს საკითხებს, რომლებიც ეხება პირის გამოკითხვას/დაკითხვას ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას, პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადირებას, საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის მიზანია 2010 წლის 10 ნოემბრის „ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის“ და 2005 წლის 16 მაისის „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროსაბჭოს კონვენციის პრინციპებისა და დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის დახვეწა.

პარლამენტის წევრებმა პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარმოადგინა.

კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/8/734 გადაწყვეტილების - „ააიპ „ფრემა“ საქართველოს წინააღმდეგ“ აღსრულებას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საგადასახადო კოდექსის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გამოყენების შესაძლებლობას არალიმიტირებული მოცულობით.

წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, როდესაც საგადასახადო ორგანოს ფლობს ინფორმაციას, რომ პირი გეგმავს თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, გადაუდებელი გასვლითი შემოწმებისას მას უფლება აქვს გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ზემოაღნიშნული აქტივების ღირებულების ფარგლებში. ამავდროულად, გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია მოიყვანოს შესაბამისობაში გამოყენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოცულობა დარიცხულ საგადასახადო დავალიანებასთან, ამ უკანასკნელის ოდენობის პროპორციულად.

სხდომაზე პირველი მოსმენით იქნა განხილული კანონპროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა წარმოადგინა.

კანონპროექტი ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. კერძოდ,

1. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად განისაზღვრება, რომ საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონს, ნაცვლად 7 დღიანი ვადისა, საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 10 დღის ვადაში;

2. საქართველოს პრეზიდენტი, ნაცვლად 10 დღის ვადისა, კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს კანონის მისთვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში.

გარდა ამისა, ამავე განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნების მიღების ან არ მიღების შემთხვევაში, კანონის საქართველოს პრეზიდენტისთვის გადაცემის და პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერის და გამოქვეყნების ვადები.

პროექტის მიხედვით, დგინდება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციური კანონის საქართველოს პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადაცემისა და პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერისა და გამოქვეყნებისათვის დადგენილი განსხვავებული ვადა.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მისაღებად დადგენილია ახალი კვორუმი. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ ჩატარდა კენჭისყრის პროცედურა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მომდევნო პლენარული სხდომა გაიმართება ხვალ, 31 მაისს, 12:00 საათზე.

ტეგები