ირაკლი ბენდელიანი დედაქალაქის მერიის მიერ ავტომანქანისა და მობილური ტელეფონების შესყიდვასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს
ამობეჭდვა · 31 / 05 / 2018 14:14
ირაკლი ბენდელიანი დედაქალაქის მერიის მიერ ავტომანქანისა და მობილური ტელეფონების შესყიდვასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი დედაქალაქის მერიის მიერ ავტომანქანისა და მობილური ტელეფონების შესყიდვასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. მისი განმარტებით, საუბარია ერთი ავტომანქანის შესყიდვაზე.

„აქ არის საუბარი ერთი ავტომანქანის შესყიდვაზე. ეს ავტომანქანა განკუთვნილია თანამშრომლების გადაადგილებისთვის. დაახლოებით 5-6 წელია, მერიას ამ მიმართულებით შესყიდვა არ განუხორციელებია. მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ამხელა დაწესებულებამ თანამშრომლების გადაადგილებისთვის ერთი ავტომანქანა შეიძინოს. აქ არ არის საუბარი მაღალი კლასის კომფორტულ ავტომანქანაზე, ეს არის ჩვეულებრივი, საშუალო დონის ავტომანქანა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

რაც შეეხება მობილური ტელეფონების, შესყიდვას, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ტელეფონები განკუთვნილია უფასო სასადილოებისთვის, ბარათის წამკითხველის ფუნქციის შესასრულებლად და არა თანამშრომლებისათვის გადასაცემად.

„მერია დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს უფასო სასადილოების მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც საჭიროა კონტროლი. ამაზეც საუბრობდა ოპოზიცია, რომ კონტროლი კიდევ უფრო მეტად გაგვეძლიერებინა. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა და კიდევ უფრო მეტად ვაწესრიგებთ კონტროლის სისტემას. ამიტომ, ვყიდულობთ მობილურ ტელეფონებს. მობილურ ტელეფონს ბარათის წამკითხველის დატვირთვა ექნება და არ არის საუბარი თანამშრომლებისთვის გადაცემაზე. ისინი განკუთვნილი იქნება დამატებითი აღრიცხვის მოწესრიგებისთვის და განთავსდება უფასო სასადილოებში“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ტეგები