ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სოციალური მუშაობის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას აგრძელებს
ამობეჭდვა · 31 / 05 / 2018 14:58
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სოციალური მუშაობის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას აგრძელებს

პარლამენტის წევრების: სოფო კილაძის, რატი იონათამიშვილის, ლევან ბეჟანიძის, ირაკლი ბერაიას, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, სავალან მირზოევის, დიმიტრი მხეიძის, ანრი ოხანაშვილის, მერაბ ქვარაიას და დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სოციალური მუშაობის შესახებ“ გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მუხლობრივად განიხილეს.

30 მაისის პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, მის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, კანონპროექტით იქმნება სოციალური მუშაობის ერთიანი სისტემა. მასში დადგენილია სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, რომელიც სოციალურ მუშაკს ავალდებულებს პროფესიული საქმიანობისას დაიცვას შემდეგი ფუნდამენტური საკითხები: ადამიანის უფლებების პატივისცემა, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა, დარგობრივი კომპეტენცია, თანაზომიერება, კეთილსინდისიერება და პროფესიული ეთიკის დაცვა. ერთმანეთისგან გამიჯნულია სოციალური მუშაკის ძირითადი და სპეციალური ფუნქციები, რათა სოციალურმა მუშაკმა კვალიფიციურად შეძლოს თავისი ფუნქციების შესრულება, მისთვის ნათლად და მკაფიოდ იყოს განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები. პრევენციული სოციალური მუშაობა განსაზღვრულია, როგორც სოციალური მუშაკის უმთავრესი ფუნქცია.

დეპუტატების მიერ უმნიშვნელოვანეს კანონპროექტად შეფასებული დოკუმენტი სოციალური მუშაკებისთვის ადგენს დარგობრივ კომპეტენციას. სოციალური მუშაკის სპეციალური, დარგობრივი, სოციალური მუშაობა განისაზღვრება, როგორც სოციალური მუშაობა ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვის სფეროში, სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან, სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. კანონის პროექტით დეტალურად არის განსაზღვრული სოციალური მუშაკის უფლებები და მოვალეობები, რაც უზრუნველყოფს როგორც ბენეფიციარების, ასევე, სოციალური მუშაკების მაქსიმალურ დაცულობას და ფუნქციების უკეთესად შესრულებას. პროექტი განსაზღვრავს სოციალური მუშაკის პროფესიულ კვალიფიკაციას. იგი სოციალური მუშაკის პროფესიისათვის აყალიბებს ძირითად მოთხოვნებს და ადგენს, თუ რა კომპეტენციებს უნდა ფლობდეს სოციალური მუშაკი. კანონპროექტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სოციალური სამუშაოს შესრულების პირობებს, სოციალური მუშაკის შრომით გარანტიებს და არეგულირებს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ფარგლებს.

შენიშვნები, რომელიც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატების მიერ გამოითქვა, ტექნიკური ხასიათის იყო, რაც დღესვე აისახა წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში.
კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, მეორე მოსმენისას შენიშვნები არ დაფიქსირებულა. მან მადლობა გადაუხადა დეპუტატებს კანონპროექტის მხარდაჭერისთვის. „ჩვენ თქვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დავიწყეთ. იმედი მაქვს, რომ ასევე წარმატებით გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

 

ტეგები