ზაზა სარალიძემ აუცილებლად უნდა იპოვოს სამართალი - დავით მათიკაშვილი
ამობეჭდვა · 31 / 05 / 2018 17:53
ზაზა სარალიძემ აუცილებლად უნდა იპოვოს სამართალი - დავით მათიკაშვილი

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ზაზა სარალიძემ სამართალი აუცილებლად უნდა იპოვოს.

"ზაზა სარალიძემ დაკარგა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი შვილი და მან აუცილებლად უნდა იპოვოს სამართალი. პირადად მე და ყველა ჩემი თანაგუნდელი საგამოძიებო კომისიით თუ მის გარეშე სრულ მხარდაჭერას და თანადგომას ვუცხადებთ ბატონ ზაზას. სამართალი უნდა აღსრულდეს და ამ მოცემულობას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტი, დროებითი საგამოძიებო კომისიის მეშვეობით გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის რომ პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს ჩვენს საზოგადოებას . აქვე მინდა მოვუწოდო ნაციონალურ მოძრაობას: შორს ზაზა სალარიძისგან თქვენი ბინძური და სისხლიანი ხელები, რადგანაც ბატონი ზაზა სალარიძის ტრაგედია სრულიად საქართველოს ტრაგედიაა, გამონაკლისს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს, რომლისთვისაც ნებისმიერი ადამიანის ტკივილი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების გამომუშავების წყაროა", - აცხადებს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვანი სასამართლომ დღეს გაამტყუნა, თუმცა ერთ-ერთი დავით სარალიძესთან მიმართებაში გამართლდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანი იყო ბრალდებული.

ტეგები