დეპუტატებმა ქუთაისის საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში თამბაქოს შესახებ კანონის აღსრულების მონიტორინგი განახორციელეს
ამობეჭდვა · 31 / 05 / 2018 18:00
დეპუტატებმა ქუთაისის საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში თამბაქოს შესახებ კანონის აღსრულების მონიტორინგი განახორციელეს

პარლამენტის წევრებმა - აკაკი ზოიძემ, დიმიტრი მხეიძემ, კობა ნარჩემაშვილმა და გენადი მარგველაშვილმა ქუთაისის საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების პროცესი შეამოწმეს.

საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა ჯგუფი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ეწვია მულტიპროფილურ საავადმყოფო „მედიქალ სიტის“ და ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობას, სადაც ერთად არის განთავსებული სამხარეო აპარატის, საკრებულოს და მერიის ადმინისტრაციები.

მონიტორებმა დახურული სივრცე, ადმინისტრაციული შენობები ვიზუალურად დაათვალიერეს და შეამოწმეს თვალსაჩინო ადგილზე არის თუ არა თამბაქოს ამკრძალავი ნიშნები გამოკრული, ესაუბრნენ მომსახურე პერსონალს. მათ გამოკითხეს დაცვის თანამშრომლები, თუ როგორ მიმდინარეობს კანონის აღსრულება და სად არის მოსაწევი ადგილები.

როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, საავადმყოფოს ტერიტორიაზე დარღვევები არ დაფიქსირებულა, ამკრძალავი ნიშნები გამოკრული იყო არა მხოლოდ შენობაში, ეზოში, ურნებზეც კი, იმის ნიშნად, რომ მოწევა ეზოს ტერიტორიაზეც იკრძალება. გამაფრთხილებელი ნიშნები იყო მერიიის შენობის კორიდორებშიც, თუმცა, არა შესასვლელ კარზე. ამასთან დაკავშირებით, მერიის შენობაში შესაბამის სამსახურს გარკვეული რეკომენდაციები მიეცა, ამასთანავე, სტიკერები და საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცათ.

პარლამენტის წევრების განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება და საინფორმაციო-სარეკომენდაციო სახის ვიზიტები საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა დაწესებულებაში, ამიტომაც მონიტორინგს დროდადრო, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში განახორციელებენ.

“პარლამენტარები მზად ვართ, მონიტორის ფუნქცია ვიკისროთ და სრულიად გაუფრთხილებლად, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების შემოწმების სახით , მონიტორინგისთვის ვეწვიოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დახურულ შენობა-ნაგებობებს, სადაც არა მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშნები უნდა იყოს მოწესრიგებული, არსად უნდა შეიმჩნეოდეს თამბაქოს სუნი”, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

ტეგები