კახა კალაძე ვაკის პარკში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2018 18:02
კახა კალაძე ვაკის პარკში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვაკის პარკში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ვაკის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებას დაესწრო.

„მინდა მივულოცო ყველა პატარას დღევანდელი დღე. პირველ რიგში, ყველას ვუსურვებ მშვიდობას. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია, ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც თითოეული პატარა თავს იგრძნობს უსაფრთხოდ. ძალიან მნიშვნელოვანია განათლება, რომელსაც უნდა მიექცეს დიდი ყურადღება.  ჩვენ განათლებული მომავალი თაობა გვჭირდება, რასაც ისევ  ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოვიყენებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ  იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი და პატარებს ჰქონდეთ ძალიან კარგ გარემოში, განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვაკის პარკში ბავშვთა გასართობი ღონისძიებები და სხვადასხვა სახალისო აქტივობები სხვადასხვა ლოკაციებზე რამდენიმე ნაწილად იყო წარმოდგენილი. მათ შორის კონცერტი, რომელზეც წარმოდგენილი იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების, სახელოვნებო სკოლების, საბავშვო სტუდიების და ბაგა-ბაღების აღსაზრდელები, ასევე, კონტაქტური ზოოპარკი, თოჯინებისა და მოძრაობის თეატრების წარმოდგენები, საბავშვო-გასართობი სადგურები, სმარტფოტო, გიფერი, საპნის ბუშტების შოუ და გამოფენებები.

მთელი დღის განმავლობაში ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ და ნაყინის აპარატი უფასოდ ფუნქციონირებდა.

ტეგები