ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა
ამობეჭდვა · 02 / 06 / 2018 12:37
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ქევხიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, უნდა დაგემშვიდობოთ.

რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, სიმართლისა და შესაბამისად, სამართლებრივი ინსტიტუტების დაცვა დღეს როგორც არასდროს, არამხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს, რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე, მიეცეს ამ საქმის მშვიდ ვითარებაში კეთების საშუალება და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.

დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევისა და შრომის ფასად შევქმენით, ძალიან მალე, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოსა და ჩვენს ქვეყანას“, – წერს დავით ქევხიშვილი.

ტეგები