მუხიანში, გობრონიძის ჩიხში ასფალტის დაგების სამუშაოებს კახა კალაძე გაეცნო
ამობეჭდვა · 02 / 06 / 2018 16:01
მუხიანში, გობრონიძის ჩიხში ასფალტის დაგების სამუშაოებს კახა კალაძე გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან ერთად, მუხიანში, ალექსანდრე გობრონიძის ჩიხში მიმდინარე გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

„ეს არის სამხედრო დასახლება, გზა არასდროს ყოფილა. რაც მთავარია, მოვაწესრიგეთ კანალიზაცია, წყალი, სანიაღვრე სისტემა და დღეს უკვე ბოლო ეტაპი - ასფალტის დაგება დავიწყეთ. რამდენიმე დღეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთლიანად დასრულებული იქნება. მიხარია, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, მსგავსი სამუშაოები ხორციელდება. გზების თვალსაზრისით, ქალაქში უამრავი პრობლემაა და შესაბამისად, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ყველაფერი მოგვარდეს და მოწესრიგდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას საკრებულოს მაჟორიტარი ქეთევან ჯოხაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძეც გაეცნენ.

ალექსანდრე გობრონიძის ჩიხში 241 მეტრზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, 2250 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი ასფალტის საფარი დაიგება.

გამგეობის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 115 000 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს.

გობრონიძის ჩიხი, ავჭალა 1-ში, მუხიანის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მდებარეობს, სადაც წყალარინების ქსელი არ არსებობდა. გასულ წელს, გლდანის რაიონის გამგეობამ დასახლებაში ქსელი 4 688 მეტრზე მოაწყო, ხოლო 12 470 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დააგო.

მიმდინარე წელს აღნიშნული დასახლებაში გაბაშვილის I, IV, V გასასვლელში, ქუჯი ერისთავის, საგუბარას, ვარაზაშვილის და ლურჯქედის ქუჩებზე, ჯამში 9 650 კვ.მ-ზე ასფალტის საფარი დაიგო.

ტეგები